logo_geo
eng_logo
„კერძო სექტორის ჩართულობა და ბიუჯეტის გახსნილობაა ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრების მთავარი ამოცანა“
- +

29 იანვარი. 2018. 16:17


 

„კერძო სექტორის ჩართულობა, ბიუჯეტის გახსნილობა არის ძირითადი ამოცანა იმ შეხვედრებისა, რომელთაც ჩვენ ვატარებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ინვესტორთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოსთან," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისის ოფისში გაიმართა.


პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო, რომელმაც ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. პირველი შეხვედრის მთავარი თემა იყო ტურიზმის ბიუჯეტი 2018 წლისათვის და მარკეტინგული კამპანიები, რომელთა განხორციელებასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მიმდინარე წელს გეგმავს.


„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი ეფექტურობით დავხარჯოთ ის თანხა, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ბიუჯეტით გამოყოფილი. შედეგად, უნდა შემოვიყვანეთ მეტი ტურისტი ქვეყანაში, რომლებიც მეტ ფულს დახარჯავენ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს ქვეყანაში მეტი დროით გაჩერდებიან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, აგრეთვე პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები.


აღნიშნული საკონსულტაციო ორგანო ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, შეიქმნა და მასში ინვესტორთა საბჭოში შემავალი ტურიზმის ინდუსტრიის დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები გაერთიანდნენ. ტურიზმის საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა, მიაწოდოს რეკომენდაციები მთავრობას ტურიზმის განვითარებისა და აღნიშნულ სექტორში დაგეგმილი სამთავრობო მარკეტინგული კამპანიების შესახებ. სამომავლოდ, საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner