მოთამაშეებისადმი მეგობრული დამოკიდებულება, ფეხბურთელის უფლებებისა და ადამიანური ღირსებების დაფასება, რომელიც სალდანიამ 1957 წელს, ,,ბოტაფოგოში" მისვლის შემდეგ გამოიყენა, სიცოცხლის ბოლომდე წმინდა იყო მისთვის. ეს კი, პროფესიულ ფეხბურთში არც ისე ხშირად გვხვდება! სალდანია ფეხბურთელში ადამიანს ხედავდა და აფასებდა. შეიძლება, მან ეს თვისება იმ ველური შემთხვევის შემდეგ შეიძინა, რომლის შესახებაც მან თავად გაიხსენა:
,,ეს 1946 ან 47 წელს მოხდა. მაშინ ,,ბოტაფოგო" მატჩებისთვის რიოს გარეუბნის ერთ-ერთ პარკში მდებარე ძველ სახლში ემზადებოდა ხოლმე. ,,მზადება" ნიშნავდა იმას, რომ იქ გუნდი მთელი კვირა ცხოვრობდა. მაშინაც, კლუბი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას გადიოდა.
ფეხბურთელ ავილას მეუღლე, მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის გამო წმინდა სებასტიანის საავადმყოფოში იწვა. მისი სიცოცხლე კარგა ხანს ბეწვზე ეკიდა.
თამაში შაბათს, დღის მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო. დილით, სადღაც 11 საათზე სამწვრთნელ ბაზაზე ტელეფონის ზარი გაისმა. ფეხბურთელებს აკრძალული ჰქონდათ ტელეფონთან მისვლა. მით უმეტეს, მატჩის წინ. არადა, საავადმყოფოდან რეკავდნენ, სასწრაფოდ ავილას სთხოვდნენ ტელეფონთან. კლუბის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა უპასუხა, რომ ავილას დღეს არ შეუძლია საავადმყოფოში მისვლა. მაშინ ტელეფონი უფროსმა მედდამ აიღო, რომელიც კლინიკაში მუშაობდა და დაჟინებული ტონით მოითხოვა, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მისულიყო. ადმინისტრატორმა ყურმილი გადადო და მწვრთნელთან მივიდა: ,,საავადმყოფოდან გვატყობინებენ, რომ ავალას ცოლის მდგომარეობა გაუარესდა და მას სასწრაფოდ იძახებენ..." კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაცია განიხილა და გადაწყვიტა, რომ მატჩის წინ, ფეხბურთელი კლინიკაში არ უნდა წავიდეს. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელოდათ... ადმინისტრატორი ტელეფონთან დაბრუნდა და მედდას შეატყობინა, რომ ავილას გამოძახება შეუძლებელია.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელს უთხრეს, რომ ის სასწრაფოდ უნდა წავიდეს ჰოსპიტალში, რადგან მასთან ცოლს სურს საუბარი. ავილამ ტაქსი აიყვანა და კლინიკაში წავიდა. როცა საავადმყოფოში შევიდა, მედდა მას მივარდა და ყვირილი დაუწყო:
-სენიორს გული არ აქვს? სენიორს არ ეცოდება საკუთარი ცოლი? მე თქვენ დილას გირეკავდით, მაგრამ თქვენ მხოლოდ ახლა მოხვედით!
დაბნეულობისაგან გაოგნებულმა ავილამ იკითხა:
-რაშია საქმე? დღეს მე მატჩი მქონდა. და მხოლოდ ახლა მითხრეს, რომ ცოლი მეძახის... მეც მოვედი. ვჩქარობდი და ტაქსი ავიყვანე...
-ახლა უკვე გვიანია, - თქვა ექთანმა. - თქვენი ცოლი სამი საათის წინ გარდაიცვალა. - მან ცრემლები ვერ შეიკავა და დაამატა:
საცოდავი, სიკვდილის წინ სულ თქვენ გეძახდათ, სენიორ!..
ავილას გული წაუვიდა. ის მხოლოდ გვიან ღამით მოვიდა გონს. ისევ ტაქსი აიყვანა და ბაზაზე გაემართა, სადაც სხვები ეგულებოდა: ფეხბურთელები და ,,კარტოლები". მაგრამ ბაზაზე მხოლოდ ღამის დარაჯი და მისი ცოლი დახვდნენ. ავილამ რკინის მძიმე ლომი აიღო და დაამტვრია ყველაფერი, რისი დამტვრევაც შეიძლებოდა. არ დარჩენილა არცერთი ფანჯარა, კარი, ავეჯი, რომელიც მას არ დაექუცმაცებინოს. სამზარეულოც და ტუალეტიც კი დაამტვრია. შემდეგ ისევ ტაქსში ჩაჯდა და იმათ საძებრად გაემართა, ვისი მისამართებიც იცოდა. მაგრამ ვერავინ იპოვა. არავინ არ იყო სახლში...
მეორე დღეს დაკრძალვა იყო. ავილა კუბოზე დაემხო და ერთსა და იმავეს იმეორებდა:
-მე არ მაცალეს შენთვის უკანასკნელად რომ მეკოცნა. მათ, ვინც ეს გააკეთა, მთელი ცხოვრება აღარ ექნებათ დამშვიდებული ძილი..."
ჟერსონი, პელე და ჟოაო სალდანია