logo_geo
eng_logo
როგორ ახერხებდა მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეში სამი ქვეყნის სამ სხვადასხვა სასტუმროში ყოფნას?
- +

29 იანვარი. 2018. 18:34



„აუდიტის შესწავლის სფეროში მოექცა მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების მიერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებსა და საკურორტო ზონებში განხორციელებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სასტუმროს მომსახურების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს და შესაბამისად, ერთსა და იმავე თარიღებში მომსახურება განხორციელებულია რამდენიმე სასტუმრო დაწესებულებაში", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს და აუდიტის სამსახურის დასკვნის დეტალებს ასაჯაროებს.

 

„მათ შორის, საფრანგეთში კოტდაზურის სასტუმრო „vista palace hotel"-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისთვის ანაზღაურებულია 8 116 ლარი. ამავე დღეს აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ფრანგული სასტუმრო „La Resere de Beaulieu & Spa"-ში (მდებარეობს ფრანგულ რივიერაზე ნიცასა და მონაკოს შორის) სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია იმავე თარიღში 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისთვისაც ანაზღაურებულია 8 268 ლარი", - წერს „პრაიმტაიმი" და აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ამონარიდს აქვეყნებს.

 

„სულ ერთსა და იმავე თარიღში ერთი დღის სასტუმრო მომსახურების ხარჯმა ორ სხვადასხვა სასტუმროში შეადგინა 16 385 ლარი. ამასთანავე, ფრანგულ სენ-ტროპეს სასტუმრო „BYBLOS"-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 17 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება 18 აგვისტოს, რაზედაც ანაზღაურებულმა თანხამ 7 642 ლარი შეადგინა, თუმცა ამავე სასტუმროს მიერ ამავე თარიღში ამავე საცხოვრებელ ნომერზე წარმოდგენილია მეორე ინვოისი, სადაც მითითებულია სააკაშვილის მიერ 17 აგვისტოს გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი 13 840 ლარი (5,849.9 ევრო). ანუ სულ ერთ დღეში - 17 აგვისტოს სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებაზე გაწეულია 21 481 ლარი.

 

მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე არსებულ სასტუმრო „LA VILLA"-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 18 აგვისტოს და გამგზავრება 19 აგვისტოს, რაზეც ანაზღაურებულმა სასტუმრო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 4 261 ლარი. ამასთანავე, ნიცის სასტუმრო „Radisson BLU"-ში სააკაშვილის ჩასვლა და გამგზავრება წარმოდგენილი დოკუმენტებით დაფიქსირებულია ამავე თარიღებში (ჩასვლა - 18 აგვისტო, გამგზავრება - 19 აგვისტო), ხოლო აღნიშნულ სასტუმროში გადახდილია 4 535 ლარი", - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.


აუდიტორებისთვის ამოუხსნელი დარჩა ერთი გარემოება: მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სენ-ტროპესა და ნიცის სასტუმროებში ფიქსირდება, ზუსტად იმავე დროს, მის სახელზე სასტუმროს ნომერია აღებული ბათუმის „შერატონშიც", სადაც პრეზიდენტის დაბინავება თარიღდება 18 აგვისტოთი, გამგზავრება კი - 19 აგვისტოთი. არადა, ამ დროს სააკაშვილი საფრანგეთის საკურორტო ზონაში იმყოფებოდა. ბათუმის „შერატონში" პრეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილია 817 ლარი.


უფრო მეტიც, „დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2011 წლის 18-19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში დაბინავება და ცხოვრება ფიქსირდება საფრანგეთის ორ სხვადასხვა სასტუმროში და, აგრეთვე, ბათუმის სასტუმრო „შერატონის" 2 სხვადასხვა ნომერში. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს იტალიის ქალაქ მილანში პლასტიკურ ქირურგ ჯანლუკა კანპილიოსთან სააკაშვილისთვის გაწეულია დერმატოლოგიური მომსახურების ხარჯი 10 017 ლარის (4200 ევრო) ოდენობით, ასევე ამავე თარიღში მილანის რესტორან „Acantomilano"-ში სარესტორნო მომსახურებისთვის გადახდილადაა ნაჩვენები 1 933 ევრო, ანუ აღნიშნული ფაქტებით ხარჯები გაწეულია და ფიქსირდება, როგორც საფრანგეთის 2 სასტუმროში ერთდროულად ცხოვრების, ისე ბათუმის სასტუმრო „შერატონის" 2 სხვადასხვა ნომერში ცხოვრების და იმავე თარიღში იტალიის ქალაქ მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურებისთვის ხარჯების გაწევის ფაქტები".

 

„ყველა ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, განხორციელებული ღონისძიებების რეალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს", - წერია აუდიტის დასკვნაში.


„აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა, იმავე პერიოდში პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან საფრანგეთის საკურორტო ზონებში სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებულია პრეზიდენტის გუნდის წევრებზე, კერძოდ: კობა ნაყოფიაზე, პეტრე ცისკარიშვილზე, გოკა გაბაშვილზე, გიორგი არველაძეზე და სხვ.

 

საერთო ჯამში, პრეზიდენტისა და მისი გუნდის საფრანგეთის კურორტებზე ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტს 210 ათასი ლარი დაუჯდა", - წერს „პრაიმტაიმი". 


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner