2000 წლის 23 თებერვალს ჩრდილოეთ სტეფორდშირში, ნაფილდის საავადმყოფოში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ინგლისური ფეხბურთის პირველი რაინდი სერ სტენლი მეტიუზი. იგი ოთხმოცდახუთი წლისა იყო და კაცი იფიქრებდა, რომ არასოდეს მოკვდებოდა. ძნელი იყო უფრო ჯანსაღი და უფრო სპორტული მოხუცის პოვნა.
ვინ იყო სტენლი მეტიუზი?
დღევანდელ ფეხბურთს შეჩვეულ ხალხს ეგებ სასაცილოდაც არ ეყოს ბობი რობსონის მაშინდელი სიტყვა: ,,ეს იყო მოთამაშე, რომელსაც გვერდით დავუყენებდი პელეს, მარადონასა და კრუიფს".
რაღაც ძალიან შორსაა მეტიუზის და მისი ფეხბურთის დრო, ძალიან შორეული ჩანს ეპოქა, როცა მარჯვენა გარემარბი ლამის ოცდათხუთმეტ წელიწადს იდგა თავსი ფრთაზე, ემატებოდა წლები და არ ბერდებოდა. ჩვიდმეტი წლისა შეიქნა პროფესიონალ ფეხბურთელად და ორმოცდაათი წლისა და ხუთი დღისას მთელი მსოფლიო აცილებდა მწვანე მინდვრიდან.
მთელი კარიერა გაატარა დღეს უკვე არაფრის მთქმელ ინგლისურ კლუბებში - ,,ბლექპულსა" და სტოკ სიტიში", 53-ჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრებში, 710 სალიგო თამაში ჩაატარა ამ ორი კლუბის შემადგენლობაში და გაიტანა... ძალიან ცოტა გოლი. გუნდთან ერთად მოიგო ერთადერთი ტიტული - ასოციაციის თასი, 1953 წელს. როგორც მოთამაშე პირველი იყო, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ,,ოქროს ბურთი" რომ გადასცეს.
ფეხბურთელთა შორის იყო ასევე პირველი, ,,სეტის" ტიტული რომ მიანიჭა სამეფო კარმა, 1964 წელს. მის გამოსათხოვარ მატჩზე სტოკში ჩამოვიდნენ იაშინი, მასოპუსტი, დი სტეფანო, შნელინგერი და სხვანი. ოთხმოციანი წლების მიწურულამდე თამაშობდა, გამოდიოდა საქველმოქმედო მატჩებში, მიენიჭა კუბერტენის თასი, როგორც სანიმუშო სპორტსმენს.
ორჯერ იყო დაქორწინებული და პირველი ცოლისგან ქალ-ვაჟი დარჩა.
ეს ყველაფერი აუცილებლად ჩამონათვალია, რასაც უნდა დაემატოს აღიარებული ფრაზა: ,,ფეხბურთის პირველი ჯენტლმენი".
სხვა კი ასეა: ამ ადამიანს გამოუგონია ფინტების დიდი უმრავლესობა. ეს ფინტები დღესაც ცოცხლობენ. მეტიუზამდე არ არსებობდა ფეხის ამგვარი მოძრაობებით დატვირთული დრიბლინგი, სისწრაფეში ამგვარი რამეების კეთება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ფეხბურთის ვირტუოზებად აღიარებულ სამხრეთამერიკელ ფილიგრანთაგან განსხვავებით, მეტიუზი თავის განთქმულ დრიბლინგს გუნდურ ინტერესს უქვემდებარებდა. ის დარბოდა, ფინტს სიჩქარეს ახმარდა. ცალკე საკითხი იყო მისი პასი და კროსი, უაღრესად, რბილი, ზუსტი, გამოზომილი. ამის მიუხედავად მეტიუზს ინდივიდუალისტს ეძახდნენ.
ევროპელ ფეხბურთელთაგან ის პირველი იყო, ვინც ამგვარი ურთიერთობა დაამყარა ბურთთან. საოცრად ინტელიგენტური, ტანთხელი, სპორტული იერისა, მეტიუზი ისე მოძრაობდა მოედანზე, რომ საგულდაგულოდ გადაგვანწილი თმა არც კი ჩამოეშლებოდა ხოლმე.
,,დრიბლინგის ჯადოქარი", ,,ფინტების მეფე", ,,უკვდავი" - ის ახალგაზრდების მხარდამხარ ვარჯიშობდა და შეღავათს არ ითხოვდა. ცხოვრებაში არ მოეწია და არ დაელია, მხოლოდ გამოსათხოვარი მატჩის წინ მიიტანა ტუჩებთან შამპანურით სავსე ჭიქა. ოცდათხუმეტ წელიწადში არ დაჯარიმებულა, არ უდავია და ასეთი იყო: სამუდამო მაგალითი ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებისათვის.
სერ სტენლი მეტიუზი, კაცი რომელმაც თავისი ფეხბურთი შექმნა!
ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ტონი ბლერმა კი თქვა: ,,იგი ისე უდგებოდა ფეხბურთს, რომ ამ თამაშს კეთილშობილთა ხელობად აქცევდა".