logo_geo
eng_logo
„პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში რაიმე ლოგიკის პოვნა რთული კი არა, შეუძლებელიც არის...“
- +

29 იანვარი. 2018. 19:26


 

„მოქალაქეობის მინიჭება, ისევე როგორც შეწყალება, პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაა. ის წყვეტს საბოლოოდ, ვინ მიიღებს მოქალაქეობას ან ვინ შეიწყალოს. ექსპერტები ამბობენ, რომ მის გადაწყვეტილებაში რაიმე ლოგიკის პოვნა რთული კი არა, შეუძლებელიც არის. ზოგადი კრიტერიუმები ცნობილია, თუმცა, პრეზიდენტი ვალდებული არ არის, დაასაბუთოს თავისი მოსაზრება - ასე რომ, რატომ ვერ იღებს მოქალაქეობას პირი, რომელიც საქართველოში დაიბადა და საქართველოს მოქალაქე იყო და რატომ იღებს ის, ვისზეც შესაბამის უწყებებს უარყოფითი დასკვნა აქვთ გაცემული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ  მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებზე წერს.


აქვე, „პრაიმტაიმი" სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სოსო გიორგაძის მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის განმარტებას აქვეყნებს:


„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ცალსახად ადგენს, რომ განცხადების მიღება, დამუშავება, საქმის წარმოება, შესწავლა, სხვადასხვა უწყებების საკითხის გავლა, არის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფუნქცია. იმისთვის, რომ სააგენტომ შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა პირი დადგენილ კრიტერიუმებს, შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია. კომისიაში შედიან წევრები ჩვენი სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის მოქალაქე მოგვმართავს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ჩვენ ვიწყებთ წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ეს მოიცავს სხვადასხვა პროცედურებს, მათ შორის უნდა გადამოწმდეს, ხომ არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოება, ხომ არ აქვთ ისეთ ორგანიზაციებთან კავშირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას, ხომ არ აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამ საკითხების გადასამოწმებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ერთი მხრივ, შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ამოწმებს არქივში და არამხოლოდ არქივში დაცულ მასალებს ამ პიროვნების შესახებ, ინფორმაციის მოსაძიებლად და უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, შსს-ს, საბოლოო ჯამში კი, მიღებული ინფორმაციის დამუშავება ხდება. თუ არსებობს თითოეული უწყებიდან დადებითი დასკვნა, რომ ამ პიროვნებას დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ან არსებობს უარის თქმის საფუძველი, ამის შემდეგ საქმეს შეისწავლის სააგენტოს კომისია და ყველა ინფორმაციის შეჯამების შემდეგ საბოლოო დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო თავის დასკვნაზე თვითონ არის პასუხისმგებელი - თუ სააგენტომ მიიღო უარყოფითი დასკვნა და უცხოელს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე,  ასეთ შემთხვევაში, სასამართლოში პასუხისმგებელია სააგენტო და არა პრეზიდენტი", - ამბობს სოსო გიორგაძე.


მისივე განმარტებით, მოქალაქეობის მიღების მსურველები ძირითადად ის პირები არიან, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს.

 

„მაშინ ხომ ზოგმა სოციალური კრიზისის გამო დატოვა საქართველო და ბევრმაც აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად. ისინი დიდი ხანია მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ.

 

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი პოლიტიკურ თემასთან ერთად ქვეყნისთვის ღირსების საკითხიც იყო. საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, მით უფრო, რომ მათ მოქალაქეობა ბევრწილად იმის გამო შეუწყდათ, რომ სხვადასხვა, რიგ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივითაც კი, იძულებულნი გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ", - წერს „პრაიმტაიმი".



 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner