logo_geo
eng_logo
ფეხბურთი, რომელიც ძველი გაზეთების გაყვითლებულ ფურცლებზეღა შემორჩენილა...
- +

24 აპრილი. 2016. 13:17


ჩემი ეზოს პატარა ბიჭებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. ეგ არის, წინა თაობებისაგან განსხვავებით, დღე და ღამე ბურთს აღარ დასდევენ. საღამოს, შუქი მოვა თუ არა, სადღაც იკარგებიან. ალბათ ტელევიზორის ცქერა და კომპიუტერზე თამაში ურჩევნიათ. ბატისტუტასა და ბექჰემის წარწერიანი მაისურები აცვიათ. რივალდოსა და როი კინზე გიჟდებიან. კარგი ბავშვები არიან, ასე ათი-თორმეტი წლისანი.

იმ დღეს ერთმა, რომელიც სხვებზე ტანმორჩილი, მაგრამ მოძრავია, ბირჰოფის სურათი მოიტანა. ბირჰოფს ხელთ ევროპის თასი ეპყრა და ბედნიერი იღიმებოდა. ბავშვებმა გაიხსენეს, რომ ევროპის წინა ჩემპიონატზე გერმანიამ სწორედ ბირჰოფის ოქროს გოლით მოუგო ჩეხეთს. მერე რაღაც თამაშის მაგვარი წამოიწყეს: ერთმანეთს ეკითხებოდნენ, აბა რომელ დიდ ფეხბურთელებს მოუგიათ ევროპის თასიო. გაიხსენეს კლინსმანი, ვან ბასტენი, პლატინი. ბეკენბაუერის გვარიც კი ახსენეს, ვინაც მათი თაობისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მერე, მერე არაფერი: ამ ზაფხულს ევროპას ან ჰოლანდია მოიგებს ან ესპანეთიო - დაასკვნეს და ამით მორჩნენ. იმან, სურათი რომ მოიტანა, ეშმაკური ღიმილით მიმოიხედა და ყველანი სადღაც გაუჩინარდნენ. კარგი ბიჭები არიან. არც გონიერება დაეწუნებათ. მე კი ბირჰოფის სურათმა ერთი ისტორია გამახსენა. შინ მისულმა ძველი გაზეთებიდან ამონაჭრები გადავქექე და ხელთ ლამის ორმოცი წლის წონანდელი ფოტოები შემრჩა. აი, იგივე ვერცხლის თასი, რომელიც წეღან ბირჰოფს ეჭირა. ევროპის, სხვაგვარად ანრი დელონეს თასი ძველ ფოტოზე ოდნავ გაყვითლებულიყო, მაგრამ თითქოს უფრო მისტიკურიც მეჩვენა. თასთან ბირჰოფის ნაცვლად მესხი, მეტრეველი და ჩოხელი ჩამწკრივებულიყვნენ. ქართველი ვარსკვლავები, რომლებზეც ჩემი ეზოს პატარა ბიჭებმა თითქმის არაფერი იციან. საქართველოს დღევანდელი ნაკრების შემხედვარე, რომელმაც საეჭვო სიძლიერის ევროშესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიჭირა, თასის მოგება მართლაც წარმოუდგენელი ჩანს. არადა...

1960 წლის 10 ივლისს, პარიზში, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში საბჭოთა ნაკრებმა იუგოსლავიელები 2:1 დაამრაცხა. ერთი ბურთი სლავა მეტრეველმა გაიტანა, მეორე მიხეილ მესხის გარღვევასა და ზუსტ პასს მოჰყვა... აი, ერთი ძველი გაზეთის ფრაგმენტიც: ფოტოზე მოსკოვში დაბრუნებული საბჭოთა ნაკრებია აღბეჭდილი. ფეხბურთელები თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოდიან. სულ წინ ლევ იაშინი და სლავა მეტრეველი მოდიან. მათ უკან მიშა მესხი გარინდულა და სადგაც შორს იყურება. ნაცნობ, მონატრებულ სახეებს თუ ეძებს.



მაშინდელი დებულებით, ევროპის თასის ფინალური ეტაპი ოთხმატჩიანი იყო. ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის თამაში და ფინალი. ეს ოთხი შეხვდრა ტარდებოდა ერთ ქვეყანაში. მანამდე გუნდები მიმოსვლით არკვევდნენ გამარჯვებულს. პირველ „ოტხმატჩას" საფრანგეთმა უმასპინძლა და იქ ერთობ სოლიდურმა ნაკრებებმა მოიყარეს თავი. მასპინძელი ფრანგები მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის მესამეადგილოსნები, საბჭოეთი, როგორც ყოველთვის სახიფათო და კერკეტი გუნდი, ხოლო ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია ფრიად პერსპექტიულები. ორი წლის შემდეგ, ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ფინალში ბრაზილიასთან წააგეს (1:3), ხოლო იუგოსლავიუელები მეოთხე ადგილზე გავიდნენ. საფრანგეთში კი საბჭოელების პირველი მოწინააგმდეგე ჩეხოსლოვაკიის ნაკრები გახლდათ. თამაში 6 ივლისს მარსელის „ველოდრომზე" გაიმართა. ჩეხებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავდათ: შროიფი, შაფრანეკი, პოპლუჰარი, მასოპუსტი და ბუბნიკი მართლაც ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ. აი, საბჭოთა გუნდში კი ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რომელმაც გივი ჩოხელს ნაკრების ძირითადში დაუმკვიდრა ადგილი. ჩეხეთთან მატჩის წინა დღეს ბრმანაწლავი ასტკივდა მარჯვენა მცველს - მოსკოვის დინამოელ ვლადიმერ კესარიოვს. მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა (რომელმაც 4 წლის შემდეგ თბილისის „დინამოს" ისტორიაში პირველად მოაგებინა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა) კესარიოვის ნაცვალად ჩოხელის გამოცდა ბრძანა. გავრილ დიმიტრიევიშჩს ერთი რამ აღელვებდა, თბილისელი მცველი ვარჯიშებისას ჩინებულად გამოიყურებოდა, მაგრამ ევროპის თასის ნახევარფინალში დებიუტანტის ნდობა რომ სახიფათო იყო, ესეც კარგად იცოდა. ქართველმა გაამრთლა. პატარა ციტატა იმ თამაშის მიმოხილვიდან: „შესვენების შემდეგ ჩოხელი დაწყნარდა და გამცდილ მებრძოლს დაემსგავსა, მას დოლინსკის გაუვნებლება დაავალეს და ქართველმაც ივარგა. ჩოხელმა „ჩაყლაპა" დოლინსკი, აჯობა სისწრაფეშიც და გამძლეობაშიც". კაჩალინისვე აზრით, შეხვედრის კვანძი ქართველებმა გახსნეს, როცა გადამწყვეტი კომბინაცია წამოიწყეს. 58-ე წუთისთვის საბჭოელები ერთი ბურთით იგებდნენ და ჩეხებს ყოველ წამს შეეძლოთ გათანაბრება. მერე კი შეიძლება ყველაფერი მომხდარიყო. ამ დროს სწორედ გივი ჩოხელმა დაიწყო შეტევა, მოედნის ცენტრთან სლავა მეტრეველს გადააწოდა, ამანაც შეუჩერებლივ ვალენტინ ივანოვი მოძებნა და 2:0. ამ გოლმა ჩეხები საბოლოოს გატეხა და მალევე ვიქტორ პონედელნიკმა შროიფს მესამედ გამატანინა ბურთი ბადიდან.



როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეუდარებლები იყვნენ „საბჭოეთის ფრთები" მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. აი, რას წერდა ნამატჩევს ჩეხოსლოვაკიის მაშინდელი მთავარი გაზეთი „რუდე პრავო": „დავრწმუნდით, რომ ჩვენი ნაკრების ფრთის მოთამაშეები მოისუსტებდნენ, მაშინ როცა საბჭოელებს მესხი და მეტრეველი ჰყავდათ. ისინი მსოფლიოს უსწრაფეს და საუკეთესო ფეხბურთელებს მიეკუთვნებიან. ჩვენებთან სწორედ მათი დაწყებული იყო თითქმის ყველა შეტევა. ამ ორეულისთვის მცველების მოტყუება აბსოლიტურად არ წამოადგენს პრობლემას. კარშიც ხშირად და სახიფათოდ ურტყამდნენ."

მერე? მერე იყო ფინალი კოკისპირული წვიმისაგან დამბალ „პარკ დე პრენსზე". მოედნის ყველა მონაკვეთზე სასტკი ბრძოლა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე იუგოსლავიელები დაწინაურდნენ: ,,გალიჩის თავური ზუსტი გამოდგა. მეორე ნახევრის დასაწყიშივე მეტრეველმა გაათანაბრა და ფაქტობრივად მატჩის ბედი შემოაბრუნა; 49-ე წუთი მიმდინარეობდა. ბუბუკინმა ოცი მეტრიდან ღონივრად დაჰკრა ბურთს, დარტყა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო, მეკარე ვიდინიჩმა ძლივს მოასწრო რეაგირება და ბურთი წინ დაიგდო, უცებ მცველების წინ სლავა მეტრეველი გაჩნდა და ზუსტი დარტყმით გაათანაბრა" - ეს სიტყვები იმ თამაშის მონაწილეს, ლეგენდარულ ლევ იაშინს ეკუთვნის. მერე „საბჭოურმა ფრთებმა" ისევ გაილაღეს. იუგოსლავიელი მცველები დაიბნენ და ხან უმისამართოდ იგერიებდნენ ბურთს, ხანაც ზღვარგადასულად უხეშობდნენ. „დამატებითი დროის დამთვარებამდე 7 წუთი რჩებოდა. მესხმა, რომელსაც მეურვე მატეში უკვე გვარიანად გაეტანჯა, ვოინოვისგან მიიღო გადაცემა, მარცხენა ფრთაზე დიდი სისწრაფით გაიქცა, თანაც ოსტატურად ირიდებდა მეტოქეთა სარმებს. ახლაც თვალწინ მიდგას: წვიმისგან გალუმპულმა მიშამ საჯარიმოს კიდესთან მიირბინა და პენალტის ნიშნულთან ჩაჰკიდა, ვიდინიჩმა კომბინაციის ჩაშლა ვერ მოასწრო. ვიქტორ პონედელიკმა კი მცველებს დაასწრო და თავით გამარჯვებისა გაიტანა" - ესეც იაშინის ნაამბობია.

მერე ბატონ სლავას ბერვჯერ მოუყოლია ამ თამაშის შესახებ. ერთხელ მითხრა - იცი განსაკუთრებით რა მაგონდება? ნამატჩევს ისეთი დაღლილები ვიყავით, სველ მაისურებს ვერ ვიხდიდით. მწვრთნელები რომ არ დაგვხმარებოდნენ, ასევე დავრჩებოდით. მთელი ძალა მინდორზე დავტოვეთ. აი, ასეთები იყვნენ ქართველი სამოციანელები. სამწუხაროდ, იმ სამეულიდან დღეს ცოცხალი აღარცერთია. მეტრეველი მაშინ მოსკოვის „ტორპედოში" თამაშობდა და თბილისის „დინამოში" სამი წლის შემდეგ, 1963-ში გამოჩნდა. მესხი და ჩოხელი კი ჩვენი „დინამოს" სახელით გახდნენ ჩემპიონები. იმ გუნდის სიაში კიდევ ერთი დინამოელი ზაურ კალოევი იყო, მაგრამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

12 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კიდევ ორმა ქართველმა, მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა ითამაშეს. მაშინ, ბრიუსელის „ეიზელის" სტადიონზე, ფინალში დასავლეთ გერმანელებმა 3:0 მოუგეს საბჭოელებს. ხურცილავა ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ძოძუაშვილთან ერთად საუკეთესო იყო გუნდში. აი, რას ყვებოდა კიევის დიანმოელი ვიქტორ კოლოტოვი: „გერმანელებმა მაშინ ყველანაირად გვაჯობეს. ორი ბურთი გერდ მიულერმა გაგვიტანა, ერთიც ვიმერმა. ჩვენგან კი? მშვენივრად მახსოვს, სულ სამი მომენტი შევქმენით, ერთი ძოძუაშვილის ჩინებული დარტყმა, რომელიც მეკარე მაიერმა ძლივს მოიგერია, ხურცილავას შეზანზარებული ხარიხა და ბაიდაჩნის არაზუსტი თავური. ეს იყო და ეს..."



სამი მომენტიდან ორი ქართველებმა შექმნეს, თანაც მცველებმა...

დღეს კი... დღეს ჩემი ეზოს პატარა ბიჭებს ძალიან უყვართ ბურთაობა. ეგ არის, ნამდვილი ქართული ფეხბურთი არ უნახავთ... ფეხბურთი, რომელიც ძველი გაზეთების გაყვითლებულ ფურცლებზეღა შემორჩენილა...


ჟურნალი ,,სარბიელი"


სურათი: ქართველები გივი ჩოხელი და მიხეილ მესხი ფინალური მატჩის მოლოდინში არიან. კადრს მიღმა დარჩენილა მესამე ქართველი - დიდებული სლავა მეტრეველი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner