logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: პარლამენტი მარტოხელა მშობლებისთვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას გეგმავს
- +

30 იანვარი. 2018. 02:35


 

„პარლამენტი მარტოხელა მშობლებისთვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას გეგმავს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ბავშვია და არა მხოლოდ მარტოხელა დედა ან მამა.


„ერთი მიმართულებაა სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რათა ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ სამართლებრივად დაცულნი არიან. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი განავრცოს, რათა მათ ბავშვების აღზრდა გაუადვილდეთ.

 

მთავრობა და პარლამენტი ახალ ბიუჯეტზე მუშაობას ივლისში იწყებს და ვფიქრობ, ამ პერიოდისთვის როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ ნაწილში მზად უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ერთბაშად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ, სოციალურ ნაწილში რეფორმა თანმიმდევრული იქნება.

 

ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ბავშვია. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მძიმე პირობებშია. ასევე, დედას თუ მამას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის მარტო არ არის, რომ სახელმწიფოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო გვერდით დაუდგება, რათა შვილის ამ ქვეყნის მოქალაქედ, პატრიოტად გაზრდა შეძლოს.

 

მარტოხელა მშობელი იმას ნიშნავს, რომ შვილთან ერთ-ერთი მშობელი მარტოა დარჩენილი და პრობლემებთან გამკლავება მარტოს უწევს. ეს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ ასეთი ადამიანი მარტოხელა მშობლად ჩაითვალოს. გვინდა, საკითხი საფუძვლიანად შევისწავლოთ და გადაწყვეტილება საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner