„გასულ ღამეს, „იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!" - NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკითხი უკომენტაროდ არ დატოვეს პარლამენტის წევრებმაც.
„რეპორტიორი" რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა და დაინტერესა, თუ რას ფიქრობს რეჟისორი ლორა თორნტონის განცხადებაზე:
- პარლამენტში გაისმა კრიტიკა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის მიმართ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით მისი ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ?
- ეს არ არის პირველი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული გამოხდომა ამ ქალბატონის მხრიდან. ჩვენი ხალხი, სამწუხაროდ, უკვე შეეჩვია ქალბატონი თორნტონის მცდელობას, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ეს ცალსახად ვლინდება მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევებსა და გამოკითხვებში. განსაკუთრებით - მათ შედეგებში. როგორც წესი, საქართველოში ეს შედეგები ემსახურება ერთ-ერთი სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას და მისი რეანიმაციის მცდელობას.
ჩვენს საზოგადოებას არც ის გამოჰპარვია, რომ ქალბატონ თორნტონს ძალიან არ ეხატება გულზე საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური ოპონენტია. ეს მისი უფლებაა, როგორც თვითონვე განაცხადა ახლახან. ის ამერიკის მოქალაქეა და ასეთი დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპისადმი. თუმცა, საკუთარ ადმინისტრაციასთან ამ დაპირისპირების საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გადმოტანა არადიპლომატიური და კონტრპროდუქტიული საქციელი მგონია.
NDI მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტული და პატივცემული ორგანიზაციაა. მისი სახელით პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების გამოვლენა, პირველ რიგში, აზიანებს ამ ინსტიტუტის იმიჯს.
- რას გულისხმობთ?
- თუნდაც უკანასკნელ გამოკითხვაში დასმულ, სრულიად გაუგებარ და ჩემი აზრით, პროვოკაციულ შეკითხვას, რომ აღარაფერი ვთქვათ პასუხების თორნტონისეულ ვერსიაზე. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალი და სამხედრო მანქანა შეუდარებლად უფრო ძლიერი და გამართულია, ვიდრე რუსეთის, ეს იცის მთელმა მსოფლიომ, რუსეთის ჩათვლით. ამაზე პუტინიც კი არ დავობს და აღიარებს ამას.
თორნტონის კვლევის მიხედვით, ერთადერთი ბნელი ერი, ვინც ამას ვერ ხედავს, ჩვენ ვყოფილვართ, ქართველები. და ეს მაშინ, როდესაც ქართველების კონტრიბუცია საერთაშორისო-სამხედრო მისიებში, ამერიკელებთან ერთად, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ეტყობა, არც ჩვენ და არც ამერიკის სამხედროებს გაეგებათ ამ საკითხებში არაფერი და გაეგება მხოლოდ ქალბატონ თორნტონს და მის ქვეშევრდომებს, ვინც ამ პოლიტიკურად მავნე და ქართველი საზოგადოებისთვის ძალიან მავნე და საზიანო კვლევებს აცხობს.
მისი განცხადება „იმედის" ეთერში, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვის, ხომ სიცრუეა და ეს ქალბატონმა თორნტონმაც მშვენივრად იცის. უარესი და დიპლომატიური თვალსაზრისით სრულიად შეუწყნარებელი მისი მომდევნო განმარტება მგონია, სადაც ის მოურიდებლად და უკვე შეუნიღბავად ავლენს საკუთარ ცინიკურ დამოკიდებულებას მთელი ქვეყნისადმი. მსგავსი ვნებების მატარებელი ჩინოვნიკის საქმიანობა კი ვნებს როგორც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე NDI-ის რეპუტაციას საქართველოში.
ვფიქრობ, ქალბატონი თორნტონი უნდა დაფიქრდეს, რამდენად შეესაბამება მისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს საერთაშორისო ასპარეზზე. რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, მისი საქმიანობა, მეგობრული, კეთილგანწყობილი და სტრატეგიული პარტნიორობის გამომხატველი არ არის.
რაც შეეხება ზემოხსენებული კითხვის შეტანას გამოკითხვაში - იქნებ ქალბატონმა თორნტონმა აუხსნას ქართველ საზოგადოებას, რამ განაპირობა ასეთი ინტერპრეტაციით კითხვის დასმა ქართველებისთვის, ამერიკული ინსტიტუტის მხრიდან. სად და ვის თავში დაიბადა და დაისვა კითხვის ნიშანი, ჩვენი, ქართველების ღრმა რწმენით უდავო საკითხისადმი, რომ ამერიკა არა მხოლოდ უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით რუსეთზე, არამედ ჩვენი უპირველესი პარტნიორი, ქომაგი და დამცველია, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ჩვენს სამშობლოს უმოწყალოდ, რუსული, თუნდაც გაუმართავი, მაგრამ აგრესიული და ბოროტი სამხედრო მანქანა ჯიჯგნის. რომ არა ამერიკის სამხედრო სიძლიერე და მისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოსადმი, რუსეთის ტანკები დიდი ხანია თბილისში იდგებოდნენ.