logo_geo
eng_logo
ზაზა შენგელია: „ბრავო რექორდსის“ უდიდესი წარმატება!
- +

30 იანვარი. 2018. 18:03



„ბრავო რექორდსის" უდიდესი წარმატება!" - წერს სოციალურ ქსელში „ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„ნიუ-იორკში გამართულ „Grammy"-ის დაჯილდოების მე-60 ცერემონიაზე ალბომმა, სადაც „ბრავო რექორდსის" სტუდიაში ჩაწერილი სინგლი შევიდა, „Grammy"-ის ჯილდო მოიპოვა. ეს გახლავთ ძალიან პოპულარული პუერტო-რიკოელი რეპერის Residente-ს სადებიუტო სოლო ალბომი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში „Best Latin Rock, Urban, or Alternative Album".

 

Residente-მ თავისი პირველი ალბომისთვის უჩვეულო კონცეფცია შეარჩია. მუსიკოსმა ჩაიტარა გენეტიკური კვლევა, რის შედეგადაც აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. მან მოიარა ანალიზის შედეგად გამოვლენილი გენეტიკური სამშობლოები და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა და ასევე იმოგზაურა პანკისში, სადაც ანსამბლ „აზნაშის" შემოქმედებას გაეცნო. სწორედ „აზნაშთან" ერთად გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. აღსანიშნავია, რომ Residente მუსიკის გარდა პოლიტიკითაც ინტერესდება. იგი უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ისა და Amnesty International-ის კამპანიების სახეა. კონფლიქტები, განათლება, თანაბარუფლებიანობა - ეს იმ ძირითადი გლობალური პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებისთვის მუსიკოსი აქტიურად იბრძვის. და სწორედ ამ სადებიუტო ალბომმა, სადაც „ბრავო რექორდსში" ჩაწერილი სიმღერაც (სახელწოდებით „Guerra", ქართულად „ომი" ) შევიდა, 2 დღის წინ „Grammy"-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო დაიმსახურა. „ბრავო რექორდსი" 2 დღის განმავლობაში თავს იკავებდა ამ სასიხარულო ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან იმ მიზეზით, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რეპერმა Residente მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში, რომ ვითომდა საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს - ოსებს, აფხაზებს და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ, რაც თავის დროზე ქართულმა მედიამაც გააშუქა. მუსიკოსის განცხადებები მაშინ „ბრავო რექორდსმაც" მკვეთრად გააკრიტიკა, თუმცა, პროტესტის მიუხედავად, გარკვეული ფიქრის შემდეგ „ბრავო რექორდსის" მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვება და პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბრავო რექორდსის" მთავარი ხმის რეჟისორის ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი, რომელმაც იმუშავა ამ სინგლის ჩაწერაზე, მიქსინგსა და მასტერინგზე.

 

გილოცავთ, ამიერიდან ქართული „ბრავო რექორდსის" რეგალიებს „Grammy"-ის ძალიან პრესტიჟული ჯილდოც შეემატება", - წერს ზაზა შენგელია.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner