logo_geo
eng_logo
"ყველაზე დიდი ნარკოტიკი ადამიანისთვის, მეორე ადამიანია..."
- +

31 იანვარი. 2018. 14:23



სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული ვარ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის თემაზე ატეხილი პოლემიკით. აჭრელებულია სოციალური ქსელები „ძალიან მცოდნე" ადამიანების „გენიოსური" აზრებით, რომელთა უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვა, „კუმ ფეხი გამოყოს" კატეგორიიდანაა და რეალობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. მათ რომ არ დავემსგავსო, არ ჩავყოფ ცხვირს იმ საქმეში, რომელიც ბოლომდე არ მესმის, რადგან არც მდგომარეობიდან გამოსასვლელი ზუსტი რეცეპტი გამაჩნია. დღეს ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა (43 წლის გახლავთ) თავისი მოსაზრება მომწერა ამ საკითხზე, ვფიქრობ, სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს და ამიტომ, მისი ნებართვით, უცვლელად გთავაზობთ მას, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ:



„მინდა, გაგიზიაროთ  ჩემი  მოსაზრება დღევანდელი ნარკოპოლიტიკის გარშემო ატეხილ აურზაურზე! ზუსტად რომ აურზაურია და არა ჯანსაღი - პრობლემის იდენტიფიკაცია ან რეალური გამოსავლის სწორი ხედვა. ზედმეტია იმის ხსენება, რომ მართებული/აუცილებელი და გადაუდებელი ზომების მიღების რამე მეთოდოლოგია ჟღერდეს სადმე. მოკლედ! ემოციებმა რომ აზრი არ გამიფანტოს - პუნქტებად ვაყალიბებ:

 

1. ჩემს თაობას  საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი ეს სენი (თუმცა ის ნივთიერებები, რაც ამჟამად არის ხელმისაწვდომი, არც დაგვსიზმრებია ყველაზე ცუდ სიზმარშიც). ზოგი დავიღუპეთ, ზოგი „გავძვერით", ზოგიც „ვბუქსაობთ"... რაც თავი გვახსოვს (ჩემი თაობის ბიჭებს მოგმართავთ), ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების ლომის წილი თვით იმ უწყებების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც შემდგომ აპატიმრებდნენ ნარკომომხმარებელს. დავიჯერო, რადიკალურად შეიცვალა ეს სიტუაცია? მინდა, რომ დავიჯერო! დამარწმუნეთ ამაში!

 

2. გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაცია დიახაც რომ მოხდა რიგ ქვეყნებში და მათ შორის დადებით შედეგებსაც მიაღწიეს - თუმცა ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ამ ქვეყნებმა იმაზეც კარგად იზრუნეს, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი ნარკოტიკების ხარისხი და პოტენციური მომხმარებლისათვის ზიანის ხარისხი გათვალეს, შეუსაბამეს და გამოჰყვეს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათ მკურნალობა-რეაბილიტაციას უზრუნველყოფდა. „ბიო"- (აჯაფსანდალებს) და სუბოტექს/ქსინ - სინთეტურ ნარკოტიკებს ამგვარ ქვეყნებში ძნელად თუ მოიძიებს ნარკოდამოკიდებული, და არც დაუწყებს ძებნას. ჩვენთან კი რატომღაც ყველანაირი ნაგავი შემოდის და ხელმისაწვდომია! უფრო მეტიც - გაცილებით უფრო რთულია ამ ნივთიერებების გავრცელების წყაროების იდენტიფიცირება, თვით ნივთიერებების ნარკოტიკად იდენტიფიცირებაც რიგ შემთხვევებში გაცილებით მეტ სიძნელეს წარმოადგენს, ხოლო მათ მიერ მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქიურ ზიანზე საუბარი კი ყველაზე მტკივნეული თემაა - საკმარისია, გადაავლოთ თვალი ბოლო წლების სტატისტიკას. ამას, ფსიქო-სარეაბილიტაციო ან სახელმწიფო დაწესებულებებიც დაადასტურებენ.

 

რა გვიკვირს - დალოცვილ მიწაზე ვცხოვრობთ და გენმოდიფიცირებულ საკვებს „გვტენიან".

 

3. ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი კრიმინალია და სისხლის სამართლით უნდა ისჯებოდეს, განსაკუთრებით იმ რეალობაში, სადაც მათზე ზრუნვაზე, მკურნალობაზე და რეაბილიტაციაზე არ ვართ ორიენტირებული (ძვირი ჯდება? თუ უფრო შემოსავლიანია მათგან საპროცესო შეთანხმებები თუ ჯარიმები?). ვერც იმ აზრს ვეგუები, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი მხოლოდ თავის თავს ვნებს - ღადაობთ? - ძალაუნებურად ან შეგნებულადაც ნარკოდამოკიდებული პირი იმ ქსელში ებმება, სადაც დიდი შანსია, რომ ის ჯერ „ამღები" აღმოჩნდეს, შემდეგ კი გასაღებაზეც „წაუცდეს ხელი"!

 

4. და მთავარი, რაც მინდა, მეგობრებო, თქვენ გაგიზიაროთ. ნარკოტიკული საშუალებები უსულო საგნებია, ისინი თავისით არ გვიხტებიან ფილტვებში თუ ვენებში. ნარკოტრაგედიის, რომელიც ჩემს ქვეყანაში ტრიალებს, მთავარი „გმირები" შემდეგი ინდივიდებია:

ნარკორეალიზატორები+მათი მფარველები+ზუსტად ამ სენთან „მებრძოლი" გულგრილი და „მე არ მეხება" უწყებების წარმომადგენლები!+სხვადასხვა გრანტიჭამია სექტები, რომლებიც იმ პროპაგანდას აგორებენ, რომლისთვისაც კარგად უხდიან!

 

5. საქართველოს მთავრობას, ქართულ საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მოთხოვნით და ჩემი სრული მხარდაჭერის დაპირებით: მოვახდინოთ პრობლემის სრულად და სიღრმისეულად იდენტიფიცირება! ერთად, ფრთხილად შევიმუშაოთ მასთან ბრძოლის მეთოდოლოგია სამართალდამცავების, ნარკოლოგების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების დახმარებით! და ბოლოს, გვეყოფა ყველაფრისგან საკუთარი პიარის შეთითხნა!!!"



ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ სრულად ვეთანხმები მეხუთე პუნქტში გამოთქმულ თხოვნა-მოთხოვნას. საკითხზე მსჯელობა facebook-ში კი არ მიდიოდეს, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ საქმის მცოდნე სპეციალისტების შეკრება და სწორედ სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს მდგომარეობიდან გამოსვლის ერთიანი და სათანადო პროგრამა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner