31 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა კონფერენცია „უკეთ გავიცნოთ კავკასია" - „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და შემოქმედება: პანკისის ხეობა დროისა და სივრცის ჭრილში".
კონფერენცია მიეძღვნა პირველი ქისტი განმანათლებლის, პანკისის ხეობის მკვიდრის, ილიასა და ვაჟას თანამედროვეს, ფოლკლორისტისა და პუბლიცისტის, მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155 წლისთავს.
ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების „ინტერკლუბის" (ხელმძღვანელი ქეთევან გელაშვილი) მოსწავლეებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ პანკისის ხეობის სოფლების - ჯოყოლოს, დუისის, ასევე, ჩარგლის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ქართველი და ქისტი ახალგაზრდების ურთიერთობის გააქტიურების, ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს ორგანიზაცია „კავკასიელ ქალთა კონგრესის" წევრმა, პროფესორმა მექა ხანგოშვილმა, ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა, მათე ალბუთაშვილის შთამომავლებმა.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მრავალფეროვანი თემები მათე ალბუთაშვილის შემოქმედებაზე, კავკასიის, ქართველი და ვაინახი ხალხების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, კულტურაზე, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებზე, ცხოვრების წესზე, კავკასიის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში, წაიკითხეს ლექსები. კონფერენცია ჩატარდა კავკასიელ ქალთა კონგრესის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.
დასასრულს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნატო ჩაკვეტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს.