logo_geo
eng_logo
„ეს ის დინამო აღარ არის!..
- +

24 აპრილი. 2016. 21:43


სოციალური ქსელის გვერდი „უეფას ჩემპიონთა ლიგა" მოზარდის ცანახატს ავრცელებს, რომელიც „დინამოს" თამაშს პირველად ესწრება:

 

სკოლის კიბიდან ჩამოვრბივარ, მეჩქარება, კართან დარაჯი ჩასაფრებულა, საათს ვკითხულობ!.. თამაშის დაწყებას ოცდახუთი წუთი უკლია... გაკვეთილის დამთავრებას კი გაცილებით მეტი... მეკითხება.

- ახლა, რა გინდა გარეთ?

რაღაც მოვიმიზეზე და გამიშვა. მხოლოდ ერთი მახსოვს, მთვარია სახლში მივიდე, მელოდებიან, ჩემი ოცნება უნდა ასრულდეს! დინამოს თამაშზე მივდივარ დინამოს სტადიონზე",  ახლა თამაში აღარც მახსოვს, თუმცა, განცდა იმხელა იყო, თხუთმეტი წუთის გზა ნაკლებში დავფარე. სახლში გაოფლილი მივარდი... არც მინდა შევიმჩნიო ოფლი, არადა, ოფლს რას დამალავ, ღვარღვარით ჩამომდის, ნესტოებგაფართოებული, თეთრი სვიტერით და სასკოლო ფორმით გამოწყობილი ბილეთს ვითხოვ...

 

ვორონცოვის მოედანზე თოთხმეტი ნომერი ტროლეიბუსი ჩამოდგა, წრე მოხაზა ,,დაბმულმა" ტრანსპორტმა და პირი სტადიონისკენ იბრუნა.

- ბაბუ, მალე მივალთ? ვკითხულობ.

- კი ბაბუ, ჩამესმის ნუგეშად მისი ხმა.

- დღეს პირველად მიგყავთ?

- დიახ!

- ფეხბედნიერი იყოს მისი ფეხი სტადიონზე, მოისმა აქეთ-იქიდან.

 

ერთი მახსოვს, რაც უფრო ვუახლოვდებოდი სტადიონს, სუნთქვა მიხშირდებოდა, ახლაც მახსოვს, ბაბუას ნათქვამი: ხელი არ გამიშვა! მეც, დაშინებული, ხელჩაჭიდებული შევყევი სტადიონზე.

ალბათ, ყველას ახსოვს, თუ რა განიცადა პირველად, როცა დინამოს სტადიონზე დიქტორის ხმა გაიგო.

 

ნომერი პირველი... ოთარ გაბელია... სუნთქვა შემეკრა, ასეთი გვარი და სახელი მხოლოდ ტელევიზორში გამეგო, მერე მოჰყვა და მოჰყვა...

 

გონების სიღრმეში ჩავიხედე, თუმცა ვერ ვახერხებ მატჩის გახსენებას, მით უფრო ანგარიშისას და ასე შემდეგ.

 

მხოლოდ ერთი დამამახსოვრდა პირველი ვიზიტისაგან ქართული ფეხბურთის ვეება ხომალდისგან. იმ ემოციას ალბათ სახელი ვერ მოეძებნება, რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ მოვუძებნით.

 

ახლაც, მიუხედავად მრავალი წარუმატებლობისა, როცა მივდივარ იქ, ის სუნი, ის ხმა, ის განწყობა, ან რაც გნებავთ ის დაარქვით... ჩამესმის

დი-ნა-მო! დი-ნა-მო! დი-ნა-მო! დი-ნა-მო!..

 

ყურში ჩამესმის ეს ჯადოსნური შეძახილი და თვალებზე ცრემლის მოდენისას მინდა ის დღე აღვიდგინო, როცა ამ ალაგს ვეახლე, თუმცა არა, მახსოვრობა არ მაძლევს ამის საშუალებას.

 

თამაშის შემდეგ ბაბუამ მითხრა...

- ეს ის დინამო აღარ არის!

- ?

- მესხი, მეტრეველი... ვიტალი!!!

 

მაშინ ეს გვარები ჩემთვის არაფეს ნიშნავდა".

 

ერთი ნაღდად მახსოვს, ბაბუამ მთხოვა პლეხანოვის პროსპექტს ფეხით გავყოლოდით...

 

მას შემდეგ, სტადიონიდან სულ ფეხით გამოვუყვები ხოლმე ,,პლეხანოვის პროსპექტს"... თუმცა, ამჯერად უიმისოდ... თუმცა მესხი და მეტრეველი ჩემთვის უკვე ძალიან, ძალიან..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner