„ჩემი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც ხელმძღვანელი პირისა", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა. ნარმანიამ ასევე უარყო ოპოზიციის წევრების განცხადება, თითქოს ეს მეტროსადგური თბილისის მერმა ზარ-ზეიმით გახსნა.
„აქვე მინდა გამოვეხმაურო გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს ზარ-ზეიმით გავხსენი ეს მეტროსადგური. იქ არც ცეკვა-სიმღერა ყოფილა, არც წითელი ლენტი არ ყოფილა გაბმული, როგორც ამას ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ. როცა დასრულდა სამუშაოები, ჩავედით, დავათვალიერეთ სამუშაოები სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად და ვთქვით, რომ სამუშაოები დასრულდა და როგორც მე მქონდა ინფორმაცია იყო უსაფრთხო გადაადგილებისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.