2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის საქართველო 0.61 ქულით 38-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები და აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების).
ინდექსის თანახმად, საქართველო კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0.71 ქულით რეგიონში პირველს, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციას იკავებს.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის კუთხით, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 0.79 ქულით 30-ე პოზიციას იკავებს.
2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საბერძნეთი (39), უნგრეთი (50), ბულგარეთი (55), უკრაინა (77) და სხვა.
ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. 2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (113-ე ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ.