შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, შსს-ს მუშაობა მეტად ეფექტიანი უნდა გახდეს და შეძლებისდაგვარად, აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც არა მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლის, არამედ უწყების მუშაობის გამჭვირვალობის კუთხით არსებობს. საზოგადოებას სურს, დაინახოს რეფორმის შედეგი, მანამდე კი, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა შეიძლება მოიტანოს რეფორმირების პროცესმა და რამდენად არსებობს პრობლემების მოგვარების ნება ან რესურსი. გთავაზობთ ინტერვიუს 2001-2004 წლებში ანტიკორუფციული ბიუროს სამართალდამცავი სტრუქტურების ექსპერტთან; 2004 წელს შსს-ს რეფორმების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან; საპატრულო პოლიციის, საზღვრის დაცვის პოლიციის და შსს-ს რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთ თანაავტორთან, უსაფრთხოების ექსპერტ ანდრო გოცირიძესთან, რომელიც, ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, არსებულ პრობლემებზე და საჭირო რეფორმის მთავარ მიმართულებებზე საუბრობს.
- შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა. თქვენ როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს და ასევე, რას ფიქრობთ იმ 2-წლიანი ჩავარდნის მიზეზებზე, როცა საზოგადოებას დანაშაულის შესახებ სტატისტიკა არ მიეწოდა?
- გასული ორი წლის მანძილზე სტატისტიკა არ ქვეყნდებოდა, რადგან სამინისტროს მაშინდელ მესვეურთა განცხადებით, უწყებას არ ჰქონდა ამის ვალდებულება. თუმცა, როგორც ჩანს, ამის რეალური მიზეზი კრიმინალის ზრდა და არასასურველი ციფრები გახლდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მიდგომა გაუგებარია, მითუმეტეს, რომ კრიმინალის ზრდა ცალსახად პოლიციის ცუდ მუშაობას არ ნიშნავს, რადგან კრიმინალის წარმოშობა, კლება/ზრდა ან სხვა ტენდენციები, მასთან ბრძოლა მრავალ სოციალურ, პოლიტიკურ თუ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და სოციალურ ასპექტებს რომ თავი დავანებოთ, ბევრი უწყების დაფარვის ზონაა, მაგალითად, განათლების სამინისტროს ან სასჯელაღსრულების სისტემის, სადაც წვდომა შსს, სრულიად მართებულად, არ აქვს. ამ ფონზე, სტატისტიკის გამოქვეყნება, ისევე, როგორც უწყების გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, სწორი გადაწყვეტილებაა და უთუოდ პოზიტიურად უნდა შეაფასდეს. მითუმეტეს გაბედული ნაბიჯია, როდესაც სისტემა არ მალავს გაუარესების ტენდენციას, ხედავს პრობლემას და ცდილობს, საზოგადოებას რეალური სურათი წარმოუდგინოს.
- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალი მინისტრის პოლიტიკა, გამჭვირვალობის კუთხით, შეიცვალა?
- ბოლო დროს, სამინისტროში მიმდინარე პროცესების თუ კრიმინალთან ბრძოლის შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია აქტიურად მიეწოდება. მათ საზოგადოებას წარუდგინეს მასალები ყაჩაღობის, ნარკორეალიზატორისა თუ კრიმინალური სამყაროს სხვა წევრების დაკავების არაერთ ფაქტზე. გავრცელდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დავისას, უწყებამ ცალმხრივ რეჟიმში გადადგა პოზიტიური ნაბიჯები.
ნაცვლად აქამდე ჩვეული კონფრონტაციული დამოკიდებულებისა, ახალი ხელმძღვანელობა პრობლემის წარმოქმნისთანავე ხვდება საზოგადოების წარმომადგენლებს. ზემოჩამოთვლილი ქმედებები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება პრიორიტეტებად იქცა, თუმცა, დამეთანხმებით, სპეცსამსახური და საპოლიციო სტრუქტურები მხოლოდ ამ ატრიბუტების ხარჯზე ვერ იქნება ეფექტიანი. თუ არ განხორციელდა რეალური რეფორმა და კრიმინალთან ბრძოლის რეალური მექანიზმი არ შეიქმნა, ნეგატიური გამოხმაურებების თავიდან ასაცილებლად, სისტემა ისევ ეცდება თვითიზოლაციას. როგორც ჩანს, ახალ ხელმძღვანელობას ეს კარგად აქვს გაცნობიერებული და მოსვლისთანავე დააანონსა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
- რა უნდა იყოს შსს-ს შემდეგი ნაბიჯი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ?
- სტატისტიკა, რომლის გასაჯაროების პოზიტიურ მხარეზე უკვე ვისაუბრეთ, ერთგვარ დიაგნოზს წარმოადგენს, თუ სად უჭირს საზოგადოებას და სახელმწიფოს, სად უფრო მძლავრობს კრიმინალი და ზოგადად, რა ტენდენციებია ქვეყანაში. პრობლემებისთვის თვალის გასწორება სისტემის რეფორმირების პირველი ნაბიჯია: ამას უნდა მოჰყვეს დაანონსებული რეფორმა კრიმინალური თუ საპატრულო პოლიციის მიმართულებით. სწორედ ნეგატიური სტატისტიკის გასაჯაროება წარმოშობს განცდას, რომ სისტემას აქვს პოტენციალი და შესწევს ძალა, განახორციელოს რეალური რეფორმა და რეალურად შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში.
- სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებული 37 944 დანაშაულიდან გახსნილია 53.2% პროცენტი, ფაქტობრივად, მხოლოდ ნახევარი. თქვენი, როგორც უსაფრთხოების ექსპერტის შეფასებით, რამდენად ადეკვატური მაჩვენებელია ეს იმ ქვეყნისთვის, რომელმაც 2017 წელს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში 29-ე ადგილი დაიკავა? მიანიშნებს თუ არა ეს საქართველოში, უსაფრთხოების კუთხით, სერიოზული ხარვეზების არსებობაზე?
- რთული სათქმელია. სტატისტიკა 2017 წელს ეხება. უარესი რიცხვებიც არ არის ძნელი მოსაძიებელი უფრო მეტად განვითარებული და რეიტინგებში მაღლა მდგომი სახელმწიფოების სტატისტიკაში, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და ტენდენციას სწორი ანალიზი სჭირდება. სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაციის ლიბერალიზაციამ, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების წილის ზრდამ, საგამოძიებო სტრუქტურების მიერ ჭეშმარიტების მონოპოლიზაციაზე უარის თქმამ, პოზიტიურთან ერთად, ნეგატიური შედეგიც მოიტანა, კრიმინალური სტრუქტურების ერთგვარი რეანიმაციის კუთხით. ფაქტია, გარკვეული გაუარესება სახეზეა: კრიმინოგენური ვითარება დამძიმებულია, იმატა ძალადობრივმა კრიმინალმა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა, საერთოდ, ყურადღების მიღმა დარჩა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფი, რომელთა დასჯასაც კანონი არ არეგულირებს, პოზიციების აღდგენას ცდილობს „კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი, კრიმინალი მუდმივად ვითარდება და ახალ მეთოდებს იყენებს მიზნის მისაღწევად. ცხადია, ამ ფონზე ლოგიკურია დასკვნა, რომ ობიექტურ მიზეზებთან ერთად, გარკვეულ სუბიექტურ ფაქტორებსაც ჰქონდა გავლენა - რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც არსებული რეალობა მოითხოვდა. მაგრამ სწორი მენეჯმენტის პირობებში, ეს პრობლემა რეგულირებადია. მთავარია, სწორად გაანალიზდეს, რა მიმართულებებზე უჭირს სახელმწიფოს კრიმინალთან ბრძოლა, სად იქნა დაშვებული შეცდომები, რა ახალი ტენდენციები შეინიშნება თავად კრიმინალური სამყაროს „მუშაობაში", რა ძალები და საშუალებები უნდა დავუპირისპიროთ ამას.
- რა არის ჩვენი უსაფრთხოებისა და შესაბამისად, კრიმინალთან ბრძოლის ყველაზე სუსტი წერტილი?
- კრიმინალი, მისი ზრდის ტენდენცია, კომპლექსური, მრავალკომპონენტიანი პრობლემაა და მთვარობის ერთიან მიდგომას მოითხოვს, თუმცა ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობა, მისი ცნობიერების დონე მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ კრიმინალს, როგორც მოვლენას, ისე ავიღებთ და არ შემოვიფარგლებით ცალკეულ ინდივიდებთან გასატარებელი აუცილებელი სისხლისსამართლებრივი პროცედურებით, გარდამტეხი როლი კრიმინალის მიუღებლობას, სახელმწიფო ორგანოებისადმი მხარდაჭერას და კრიმინალთან ბრძოლაში საზოგადოების პოლიციისადმი ნდობას უჭირავს. ახლო წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც შემზარავი დანაშაულის პირობებშიც კი, საზოგადოებამ არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან. ვფიქრობ, ამ მხრივ, სამინისტრომ კვლავ უნდა გადადგას გამჭვირვალეობისკენ მიმართული ნაბიჯები, რაც აამაღლებს პოლიციისადმი ნდობას მოსახლეობაში; ასევე, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების პრიორიტეტად წამოწევა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა შსს მიერ დაანონსებული მართლწესრიგის ინსპექტორის როლი, რომელიც, როგორც ითქვა, არ იქნება ოპერატიული ან საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი და დანაშაულის არდაშვებაზე, პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. ჩემი აზრით, ამ ინსტიტუტს დაეკისრება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა დანაშაულის მიუღებლობის ატმოსფეროს დანერგვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში.
- თავად სტატისტიკურ მონაცემებზე რას იტყვით, რამ განაპირობა სხვადასხვა დანაშაულის ზრდისა თუ კლების ტენდენცია? მაგალითად, მოიმატა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა. გაზრდილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. კლების კუთხით, ლიდერობს დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ და ასევე, განსაკუთრებით აქტუალური საკითხი - ნარკოტიკული დანაშაული...
- ზოგადად, ძალადობრივი მუხტი და შესაბამისად, ძალადობრივი დანაშაულია გაზრდილი, რაც საზოგადოების პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემის ფართო ანალიზი კრიმინალისტებთან ერთად, ალბათ განათლების სფეროსა და სოციოლოგიის/ფსიქოლოგიის ექსპერტების საქმეა. რაც შეეხება პოლიციური ძალების პასუხისმგებლობას, ცხადია, სისტემამ უნდა გამონახოს ამ საფრთხეებზე ადექვატური რეაგირების და ეფექტიანი ბრძოლოს გზები.
- თქვენ ამბობთ, რომ პოლიცია კრიმინალის მიმართ უნდა იყოს დაუნდობელი, მაგრამ, პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვა ძირითად პრიორიტეტად უნდა აქციოს. რამდენად შესაძლებელია ამის პრაქტიკული უზრუნველყოფა და ოქროს შუალედის პოვნა? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია პოლიციის მიმართ, სწორედ მათი მხრიდან, ადამიანების უფლებების დარღვევაა, განსაკუთრებით, ძალის გადამეტების და პოლიციური რეიდების დროს. ასევე, გასათვალისწინებელია ნდობის დაბალი ხარისხი, რაზეც წეღან საუბრობდით...
- დიახ, პოლიცია კრიმინალის ყველა გამოვლინების მიმართ უნდა იყოს დაუნდობელი, პრინციპული და არ უნდა დაუშვას „შერჩევითი" მოქმედებები. მხოლოდ ასე მოხერხდება საზოგადოების ნდობის მოპოვება, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი - კრიმინალური სამყაროსთვის მკვებავი ნიადაგის გამოცლა. რაც შეეხება ამ პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვას, არ არის საჭირო ოქროს შუალედის პოვნა, ამას მუდმივი ტრენინგი, კვალიფიკაციის ამაღლება და მაღალპროფესიონალური ჩვევების დანერგვა სჭირდება. შესაბამისად, ძირეული რეფორმაა საჭირო პერსონალის მართვაში, წახალისების და დაწინაურების, მაგრამ ასევე დასჯის მექანიზმებში. აი, კიდევ რატომაა სტატისტიკა, მისი გამოქვეყნება და თუ გნებავთ „გამოყენება" მნიშვნელოვანი: თუ სისტემა სტატისტიკას „სახის შესანარჩუნებლად", „მუნდირის ღირსების" დასაცავად იყენებს, მაშინ უწყების შიგნით წახალისებულია ციფრებით მანიპულირება, ცრუ სტატისტიკის შექმნა და სხვა ნეგატიური ფაქტორები, რაც სწორედ ადამიანის, პოლიციის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქის უფლებების შელახვას ახალისებს. არ აქვს მნიშვნელობა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი დამნაშავეა თუ არა, პოლიცია ვალდებულია, დაიცვას მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდის ფუნდამენტური უფლებები. რაც შეეხება გადაცდომებს, რაც ხშირად ახლავს თან სამართალდამცავი სისტემების მუშაობას ნებისმიერ ქვეყანაში, აქაც უნდა დამკვიდრდეს მიდგომა, რომ უკანონო ქმედება, მათ შორის, პოლიციელის მიერ ჩადენილი, დასჯადია.
- რა მიმართულების რეფორმების აუცილებლობას ხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგადად, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში?
- პირველ რიგში, შესაცვლელია პარადიგმა. მინისტრი არ არის პირველი პოლიციელი, მინისტრი არის მთავრობის პოლიტიკის გამტარებელი სამოქალაქო პირი, რომელიც არ ერევა კრიმინალის დევნასა თუ საგამოძიებო საკითხებში. ის, რომ მინისტრი არ არის პოლიციელი, მას მეტ თავისუფლებას ანიჭებს და ვიწრო უწყებრივი ინტერესებისაგან ათავისუფლებს. გამჭვირვალობა არასდროს არის წამგებიანი (ცხადია, არ იგულისხმება სპეციფიკური საკითხები, რომლებიც ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ თუ სპეცდანიშნულების ამოცანების შესრულებას ახლავს თან და ვერ გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი) და პირიქით, როდესაც სისტემა იხურება, იგი ყოველთვის წარუმატებელი ხდება. პოზიტიურია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს ტენდენცია შესამჩნევი გახდა, რაც უთუოდ დადებითად აისახება მუშაობის შედეგებზეც. რაც შეეხება რეფორმის მიმართულებებს, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს პოლიციური და არაპოლიციური ფუნქციები, გაძლიერდეს საგამოძიებო კომპონენტი, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კრიმინალური პოლიციის მკაცრად ცენტრალიზებული სტრუქტურა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დანაყოფები. ამჟამინდელმა მინისტრმა არაერთხელ დააანონსა ძირეული რეფორმის ეს და სხვა მიმართულებები. პირველი ნაბიჯები, ამ თვალსაზრისით, გადადგმულია, რაც იმედს გვაძლევს, რომ საბოლოოდ საქართველოც, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, პოლიციის სრულფასოვანი რეფორმის გატარებას შეძლებს.
- საინტერესოა, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიციის რეფორმირების პრობლემა. რა საერთო მახასიათებელი აქვთ, ამ კუთხით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და რამ განაპირობა ამ საერთო ხარვეზების არსებობა?
- პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიციური სისტემა რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც სათანადო ნორმატიული ბაზით და მასთან ჰარმონიაში მყოფი სხვა ძალოვანი თუ სამოქალაქო სტრუქტურებით ემსახურება ტოტალიტარული კონტროლის დამყარებას. ასეთ ქვეყნებში პოლიციას უამრავი ადმინისტრაციული ფუნქცია აქვს დაკისრებული, აკონტროლებს მოქალაქეს დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ერევა ბიზნესის საქმიანობაში, რაც ხელს უშლის მას თანამედროვე ეკონომიურ და სოციალურ რეალიებთან ადაპტაციაში. საბედნიეროდ, საქართველომ ამ სისტემის, ისევე, როგორც სხვა პოსტკომუნისტური სტრუქტურების გარდაქმნა საუკუნის დასაწყისში საკმაოდ წარმატებულად მოახერხა და რეფორმების ახალი ტალღა მოახდენს წინა წლებში მიღწეული წარმატებების კონსოლიდაციას, უფრო მეტად სერვისზე ორიენტირებულს გახდის პოლიციას, ჩამოაყალიბებს საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთთანამშრომლობის მყარ საფუძვლებს, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, საზოგადოებაში დაამკვიდრებს დანაშაულისადმი შეურიგებლობის, ხოლო კრიმინალურ სამყაროში - სასჯელის გარდაუვალობის ატმოსფეროს. ეს მიდგომები, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური, ლოჯისტიკური და საკანონმდებლო მხარდაჭერის ფონზე, კიდევ უფრო გააძლიერებს სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტზე.