logo_geo
eng_logo
35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
- +

1 თებერვალი. 2018. 16:49



35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც 35-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გაგარინის მოედანზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში, გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუ ვის ეჭირა ცივი იარაღი.


გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატმა კონკრეტული სახელი და გვარი, თუ ვინ გამოიყენა აღნიშნული კონფლიქტისას ცივი იარაღი, მედიასთან არ დაასახელა.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პიროვნება არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ადვოკატმა.


ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „მხოლოდ აშველებდა და მას ხელზე აქვს მიყენებული ჭრილობა".


მისივე ინფორმაციით, ის, ვინც გამოიყენა ცივი იარაღი, იდენტიფიცირებულია და სავარაუდოდ, მისი დაკითხვა მიმდინარეობს.


ადვოკატის განცხადებით, ის პიროვნება, რომელმაც ცივი იარაღი გამოიყენა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner