logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტის გამოქვეყნებას აპირებს
- +

2 თებერვალი. 2018. 00:51



ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებმა შეცვალეს საიდუმლო გრიფის მქონე მემორანდუმის ტექსტი, რომელიც თეთრ სახლს გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.


კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილებას გაეგზავნათ თუ არა დოკუმენტი თეთრი სახლისთვის. ანგარიშის პრეზიდენტისთვის გაზიარებას მხოლოდ რესპუბლიკელებმა დაუჭირეს მხარი.


თეთრ სახლს დოკუმენტის გამოქვეყნების უფლება აქვს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას მოისურვებს. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშში ნაჩვენებია იუსტიციის დეპარტამენტში პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებული ტენდენციურობა.


კერძოდ კი, მედიის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის მარტში FBI- მ და იუსტიციის სამინისტრომ შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო, რათა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრ კარტერ პეიჯის მოსმენის უფლება გაეხანგრძლივებინათ.


ამისთვის კი ამ ორ უწყებას სასამართლოსთვის ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მასალები არ წარუდგენია, რაც შეიძლება მოსმენის უფლების საფუძველი გამხდარიყო. მედიის ცნობით, FBI და იუსტიციის სამინისტრო ეფუძნებოდა „რუსულ დოსიეს", რომელიც, თავის მხრივ, ბრიტანეთის სადაზვერვო აგენტმა კრისტოფერ სტილმა მოიპოვა.


დემოკრატებმა დღეს კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც წერია, რომ ის დოკუმენტი, რომელიც კომიტეტმა განიხილა მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეზიდენტისთვის გაგზავნამდე. მათ კომიტეტის ამ ნაბიჯს „ღრმად შემაშფოთებელი" უწოდეს.


ნუნესი დემოკრატების წერილს გამოეხმაუარა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მხოლოდ მცირე შესწორებები შევიდა.


ცნობილი გახდა ისიც, რომ თეთრი სახლი ამ ოთხგვერდიანი დოკუმენტი გამოქვეყნებას აპირებს, რაც ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის შეშფოთებას იწვევს. მათი არგუმენტი კი ისაა, რომ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები რეალობას ცვლის.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ დოკუმენტი მაინც გამოქვეყნდება, მიუხედავად დემოკრატების პროტესტისა.


დემოკრატები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი 16 მაისს დანიშნა.


აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხასა და ინფორმაციის WikiLeaks-ისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner