შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მისი შს მინისტრობის დროს დეტალური სტატისტიკის პრეზენტაცია 2017 წელს განხორციელდა, რაზეც ინფორმაცია საქსტატსაც მიეწოდა. ასე უპასუხა გიორგი მღებრიშვილმა შეკითხვას, რატომ არ ქვეყნდებოდა მისი მინისტრობის დროს დანაშაულის სტატისტიკა.
„შემიძლია გითხრათ ის, რომ 2017 წლის დასაწყისში, მგონი თქვენს არქივებშიც მოგეპოვებათ მასალა, ჩვენ ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია გავაკეთეთ, სადაც მოწვეული იყო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და დეტალური, მუხლობრივად ჩაშლილი სტატისტიკა წარმოვადგინეთ. ეს არ იყო გამოქვეყნება, ეს იყო პრეზენტაცია. ამის შემდგომ და მანამდეც, სამ თვეში ერთხელ საქსტატს სრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და საქსტატი თავის ვებგვერდზე შესაბამისად ამ ინფორმაციას აქვეყნებდა. ასე რომ, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო ეს ინფორმაცია და საზოგადოებას ამ კუთხით შიმშილი არ უგრძვნია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
აქვე, გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრთან გიორგი გახარიასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი ურთიერთობა აქვთ.
„რაც შეეხება შს მინისტრსა და ჩემს ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რომ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ და მეგობრები ვიქნებით მომავალშიც", - განაცხადა მღებრიშვილმა.