„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის განმტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს, ესაა ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს საომარ ვითარებას და NATO-ს რუსეთთან ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას არ გულისხმობს. ეს გულისხმობს ჩვენს მეტ დემოკრატიულ სტანდარტს, მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განვითარებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმ ორგანიზაციის წევრობას, სადაც ღირებულებები და ადამიანის უფლებები ძვირფასია.
ჩვენ ვვითარდებით და რეინტეგრაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. NATO-სთან ინტეგრაცია საქართველოს უფრო მეტად თავდაცვისუნარიანს ხდის და როგორც სახელმწიფოს, გვაძლიერებს. ეს არამც და არამც არ არის მიმართული ჩვენი თავდასხმითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შესაძლო აგრესიისგან იცავს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, საქართველოსთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკა მაქსიმალურად განახორციელოს. მათ შორის ცდილობს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, მაგრამ ამას წარმატებით ვერ ახერხებს, რადგან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო წარმატებული ქვეყანაა.