„ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რუსული პროპაგანდა საშიშ ფაზაშია შესული". ამის შესახებ კაციტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2008 წლის შემდეგ 5-6 წელიწადში საქართველოში მოიძებნებოდნენ პოლიტიკური პარტიები და ადამიანები, რომლებიც ღიად დაიწყებდნენ რუსული პროპაგანდის დემონსტრირებას. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე გამოვიდოდა და ღიად დაიწყებდა რუსეთზე, როგორც დადებით ქვეყანაზე საუბარს, რუს ჯარისკაცზე, როგორც გადამრჩენზე საუბარს და ამ ყველაფერს სარჩულად კი მართლმადიდებლობას დაუდებდა. მათ გასაგონად მინდა ვიკითხო, რაში გამოიხატა საქართველოს მიმართ რუსეთის მართლმადიდებლური დამოკიდებულება? დიახ, პროპაგანდა უკვე საშიშ ფაზაშია შესული და ეს პროპაგანდა თავხედურად ღიაა. როგორც ჩანს, რუსეთის მიერ შემოთავაზებული „სალაფავი" იმდენად დიდია, რომ ეს ადამიანები ღია პროპაგანდასაც აღარ ერიდებიან. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ეს არის მსოფლიოს გამოწვევა და ამიტომ არის, რომ ევროკავშირსა და ამერიკაში ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.