ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აი კიდევ ერთი სამართლიანობისათვის უღვთოთ მოკლული მამულიშვილი იმედო ჭანტურიძე!
მიუხედავად იმისა რომ 1992 წლის იანვრის თვეში სასტიკად იქნა დახვრეტილი მშვიდობიანი მიტინგები მეტრო „დიდუბესთან" და „დელისთან" მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, 1 თებერვალს ვაგზლის მოედანზე გამართულმა მიტინგმა და შემდეგ კანცელარიის შენობასთან მისულთა რიცხვმა ოთხას ათასზე მეტი ადამიანი მოითვალა... მოთხოვნა იყო მკვეთრი და ცალსახა, დაუყოვნებლივ აღმდგარიყო კანონიერი ხელისუფლება და იარაღის ძალით განდევნილი სახალხო პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია დაბრუნებულიყო საქართველოში!!! შევარდნაძე ცალსახად მოითხოვდა სიგუა-კიტოვან-იოსელიანისგან თუ დედაქალაქში არ აღკვეთავდნენ მიტინგებს ის არ დაბრუნდებოდა საქართველოში... ამიტომაც გადაწყდა რეპრესიების პარალელურად უსასტიკესად გასწორებოდნენ საქართველოს მამულიშვილებს, 2 თებერვალს ვაგზალზე ჩატარებულმა მიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მომიტინგეთა სიმრავლემ. შეშფოთებულმა ხუნტამ, კიტოვანის „გვარდიამ", მხედრიონმა, ყარყარაშვილის „თეთრმა არწივმა", საზოგადოება „თბილისელებმა", წითელმა ინტელიგენციამ იარაღს მოჰკიდა ხელი და ერთობლივი ძალებით თამარის ხიდთან, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა მანიფესტანტებს, სადამსჯელო აქციას უშუალოდ, ადგილზე ხელმძღვანელობდა გელა ლანჩავა! ასობით დაჭრილ მომიტინგეებს ვერ ასწრებდა სასწრაფო დახმარების მანქანები სამედიცინო პუნქტებში გადაყვანას! ოცამდე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ბევრჯერ დამიწერია ახალგაზრდა მედროშე მამუკა ტერიშვილზე, რომელსაც სნაიპერმა ესროლა ცირკის შემაღლებული გორაკიდან და ადგილზე გარდაიცვალა დედის თვალწინ. მის ოჯახშიც არაერთგზის ვყოფილვარ! მინდა ასევე გავიხსენო ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იმედო ჭანტურიძე, რომელიც თერჯოლიდან იყო ჩამოსული თბილისში სასწავლებლად. ყველა საპროტესტო მიტინგის მონაწილე იყო. 2 თებერვლის ავბედით დღეს, თამარის ხიდთან გადარჩენილი ბიჭი, თავის დასთან ერთად, ხალხის ტალღას გამოჰყოლია აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მანიფესტანტებს ბტრ-ბი დასდევდნენ... იმედო გადაჰფარებია თავის დას, რომელსაც ავტომატს უმიზნებდნენ მკვლელები და თვითონ მოხვედრია სასიკვდილო ტყვია! იმედო ჭანტურიძე სასიკვდილოდ დაჭრილი 3 თებერვალს გარდაიცვალა საავადმყოფოში... ექიმებს ცხედარი მალულად გამოუტანებიათ ახლობლებისთვის, რადგან საავადმყოფოს პალატებშიც კი შედიოდნენ შეიარაღებული პირები და ამოწმებდნენ იყვნენ თუ არა დაჭრილი მომიტინგეები. (როგორ ჰგავს ეს ყველაფერი 1956 წლის 9 მარტს, როცა რუსი ჯარისკაცები მტკვარში ჰყრიდნენ მოკლულ მომიტინგეებს.) იმედო ჭანტურიძის ცხედარი მამიდასთან მიუსვენებიათ, სადაც სამძიმარზე მთელი თბილისი მივიდა, მაგრამ კორპუსი იარაღიანმა „წესრიგის დამცველებმა" ალყაში მოაქციეს და მას შემდეგ წავიდნენ, როცა ახლობლებმა განუცხადეს რომ ცხედარს თერჯოლაში წაასვენებდნენ. ასეც მოხდა! საუკუნო ხსენება ჩვენს გმირ მამულიშვილებს! ჩვენ კი ნუ დავივიწყებთ უახლეს ისტორიას!" - წერს ირაკლი შონია.