პუშკინის ქუჩაზე, ორდღიანი შეზღუდვის შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გზის გაფართოების მიზნით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. გუშინ 60-ტონიანი ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე პროექტის ფარგლებში საავტომობილო და საფეხმავლო გზა გაფართოვდება და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 950 000 ლარი დაიხარჯება.