თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ქართველი ტენორის ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე კი, თეატრში თეიმურაზ გუგუშვილის საღამო გაიმართა. კონცერტზე შესრულდა სცენები ოპერიდან პუჩინის „ტოსკა" და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები". საერთაშორისო წარმატების და მრავალი ჯილდოს მფლობელი ქართველი ტენორის დებიუტი სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1978 წელს შედგა და მას შემდეგ, აღიარებული ქართველი ტენორი არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში.
„ზღვა ემოცია, რაც სცენაზე დავხარჯე ახლა, ორჯერ მეტი მომემატა. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს ერს, ადამიანებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ეროვნების მიუხედავად და ვისაც ოპერა უყვარს, ვინც ოპერას აფასებს" - განცხადა თეიმურაზ გუგუშვილმა.
ოპერის ცნობილმა მომღერალმა თამარ ივერმა აღნიშნა, რომ თეიმურაზ გუგუშვილი საამაყო ადამიანი და ქვეყნის სიმბოლოა.
„ჩვენ ვამაყობთ შენით, რადგან როდესაც საქართველოში ქვემეხები გუგუნებდა, საქართველომ გადაიტანა მძიმე პერიოდი, შენ მედგრად იდექი თითქმის ცარიელ თეატრშიც, როდესაც არავის ეოპერებოდა. იყავი სიმბოლო ამ ქვეყნის და ამ ქალაქის", - აღნიშნა თამარ ივერმა.