„გია გაბრიჭიძის აღიარებითი ჩვენება" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მას შემდეგ რაც უამრავი დადებითი რამ მოხდა ქართულ ჟურნალისტიკაში და ბოლოს, რაც აკაკი გოგიჩაიშვილის გულისამაჩუყებელი განცხადება წავიკითხე, ჩემში გაიღვიძა იმ ქიმერამ, რასაც ბატონი გერინგი „სინდისს" უწოდებდა და გადავწყვიტე, მოვინანიო ის დანაშაული, რასაც 2005 წლიდან დღემდე ჩავდიოდი.
ვაღიარებ, რომ ვიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერი. ვიცოდი რა საზოგადოების საშინლად უარყოფითი დამოკიდებულება ჩემი სტატიების, გადაცემებისა თუ facebook-პოსტების მიმართ, სპეციალურად ვცხებდი ჩირქს ამ უდიდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რათა ხალხის განწყობა მათ სასარგებლოდ წარმართულიყო.
2005-2006 წლებში ვიღებდი გადაცემას „შმატრული" და ვწერდი მულტსერიალ „დარდუბალა 2"-ის სცენარებს, რომლებშიც ვცდილობდი, ქვეყნის პოლიტიკური კურსის მიმართ ხალხში სიყვარული გამომეწვია.
სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში ვაქვეყნებდი სტატიებს, 2009 წელს №135 საკანში ვუშვებდი „ქუჩის გაზეთ შანსს", 2010 წლიდან მედიაკავშირ „ობიექტივში" მიმყავდა ტელეგადაცემები.
წინასწარგამიზნულად ცილს ვწამებდი ამ კეთილშობილ ხალხს, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, მათ მიმართ სითბოს დათესავდა.
არჩევნებზე ჩუმად ვხაზავდი ნომერ 5-ს და საჯაროდ ვაცხადებდი, რომ 5-იანი არასოდეს შემომიხაზავს.
ამ და სხვა დანაშაულების გამო, რომელთა გააზრებამ ჩემში უდიდესი სულიერი ტკივილი გამოიწვია, საჯაროდ ვიხსნი ნიღაბს და ვდგები კუთხეში.
დასჯის მიზნით, გთხოვთ, ხმამაღლა მითხრათ - დუტ, მამამამა!" - წერს გია გაბრიჭიძე.