„ცვლილებები, რომელიც კანონში შედის, პირველ რიგში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას ეხება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
„მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე გახდება. მანდატურს დანიშნავს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის უფროსი. გვახსოვს სასკოლო საზოგადოებასა და მანდატურის სამსახურს შორის წარმოქმნილი გარკვეული დაპირისპირება, როცა მანდატური სწორედ მანდატურის სამსახურის მიერ ინიშნებოდა. შემდეგ, სკოლებიდან და საზოგადოებიდან იყო მასობრივი მოთხოვნა, რომ ის სკოლის დირექტორის ჩართულობით დანიშნულიყო.
სისტემურ კონფლიქტში გადაზრდილი ეს მდგომარეობა საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზებას ემსახურებოდა. სწორედ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულიყო, ინიცირებული იყო საკანონმდებლო ცვლილებები და ხელშეკრულების ერთ-ერთ ხელშემკვრელ პირად სკოლის დირექტორიც განისაზღვრა და სამმხრივი ხელშეკრულების მონაწილე მანდატური გახდა.
ამიტომ, სკოლაში არსებულ გადაცდომებსა და ხარვეზებზე შესაძლოა, მისი რეაგირება სწრაფი და მკვეთრი აღარ იყოს. ამ რეალობამ გააჩინა მოთხოვნა, მანდატური უფრო დამოუკიდებელი იყოს, დირექტორსა და მას შორის პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.