შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
„მოგახსენებთ, რომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.