საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე სრულყოფილად, ობიექტურადაა გამოძიებული და ჩატარებულია ყველა საჭირო გამოძიება და საპროცესო მოქმედება. მისივე თქმით, ბრალდებულთა დაცვის მხარის განცხადებები სპეკულაციაა და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„არსებობენ კონკრეტული ბრალდებულები, რომლებსაც ბრალი ედებათ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში, მიმდინარეობს არსებითი განხილვები და რაიმე სპეკულაცია, თითქოს ეს საქმე გამოუძიებელია, არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და არის მცდელობა, რომ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია", - განაცხადა შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილეობდა ბევრი არასრულწლოვანი.
„ინციდენტში მონაწილეობდა ბევრი არასრულწლოვანი. ყველა, ვინც უნდა დაკითხულიყო, დაკითხულია, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ნაწილი ექსპერტიზა ჩატარებულია, ნაწილი ჩატარების ეტაპზეა და დასკვნები სასამართლოს წარედგინება. შესაბამისად, ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთა ორი პიროვნება, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. აქ დანაშაული მდგომარეობს მკვლელობის ჩადენაში კონკრეტული პირების მიმართ და არა ინციდენტში მონაწილეობაში. ამოღებულია ორი დანა, დადგენილია, რომ ორივე დანა მკვლელობის იარაღია. დადგენილია, რომ დანებზე გარდაცვლილების გენეტიკური პროფილებია. მესმის სპეკულაციები, მესმის, რომ ეს დაცვის ტაქტიკაა, მაგრამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სხვა რეალობაა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებათა სტანდარტით დადგენილია ორი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა, ამიტომ ვიმეორებ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა შოთაძემ.