დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევები გაიზარდა.
2018 წლის 29 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.
„შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი - 19,5%", - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
წითელათი დაავადების და მისი გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით კი, ჩვილები. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან არავაქცინირებული ორსული ქალები.
დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით. ეს პრევენციული ღონისძიებებია - ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;
„წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, წითელას შემთხვევების მატება წლების წინ ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგია.
„2008 წელს, როდესაც დაგეგმილი იყო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია ქვეყანაში და როდესაც უნდა აცრილიყო 1 000 000 ადამიანი, სამწუხაროდ, მასმედიის არაკომპეტენტურმა ჩარევამ ჩაშალა აცრების კამპანია. ამის შედეგია დღევანდელი წითელას კიდევ ერთი შემობრუნება. თუ არ აიცრებიან ადამიანები, წითელა ისე არ გაჩერდება", - განმარტა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ეპიდემიაა, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.
„თუ აცრილები იქნებიან, არავითარი პრობლემა არ არის სკოლებსა და ბაღებში. ვინც აცრილი არ იქნება, ის ავად გახდება", - აღნიშნა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.