logo_geo
eng_logo
მთელი მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე ვარდნაა!
- +

7 თებერვალი. 2018. 03:13



5 და 6 თებერვალს საფონდო ბირჟების ვაჭრობა ისტორიაში შევა, როგორც პირველი მასშტაბური ვარდნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამერიკული Dow Jones-სა და S&P 500-ზე ვარდნა 4,5%-ზე მეტია, რაც განვითარებული ბაზრებისთვის ბევრია. დაახლოებით იგივე დინამიკაა აზიაში, ნაკლები - ევროპაში. რა ხდება?

 

საფონდო ბირჟებისთვის ზოგადად კარგი პერიოდია

 

იანვრის დასაწყისი მთელი მსოფლიოს ბირჟებისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო იყო. აქციები აქტიურად იყიდებოდა, როგორც 2017 წელს, ასევე 2018 წლის დასაწყისში. ბოლო 12 თვის განმავლობაში (5 თებერვლის ვარდნის გათვალისწინებით) ზოგიერთი მსხვილი კომპანიის აქციები შემდეგნაირად გაიზარდა:


Boeing +102%

Amazon +72%

Facebook +38%

Visa +35%

Alphabet +30%


მთლიანობაში, ამერიკული ინდექსი Dow Jones-ი წლის განმავლობაში (ვარდნის გათვალისწინებით) 21,3%-ით გაიზარდა, ვარდნის გარეშე - 27%-ით.

 

ასეთი ზრდის პირობებში კორექცია გარდაუვალია

 

საერთო განწყობა ასეთია: რადგან ბოლო დროს აქციები მკვეთრად გაიზარდა, ესე იგი მათი ვარდნა გარდაუვალია. როგორც კი მსხვილი ფიგურანტებიდან რომელიმე იწყებს თამაშს ფასების დაწევაზე, იმავეს აკეთებენ დანარჩენებიც - და ვარდნა მთელ მსოფლიოში შესამჩნევი ხდება. ძალიან იშვიათია, რომ ამერიკაში მკვეთრმა დაწევამ არ გამოიწვიოს ვარდნა მთელ მსოფლიოში. ინვესტორებისთვის აშშ-ში ვარდნა სიგნალია არა იმის, რომ ამერიკაში ყველაფერი ცუდადაა, არამედ იმის, რომ აქციების გლობალურ ბაზარზე დროა ფასების დაწევაზე თამაში. ასე მოხდა ამჯერადაც.


აშშ-ში ვაჭრობის შემდეგ მსოფლიო ინდექსები ეცემა: Stoxx Europe 3,2%-ით, იაპონური Nikkei 4,7%-ით, ფიუჩერსული ფასები აშშ-ში დასტაბილურდა.


ვარდნა შემაშფოთებლად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ აბსოლუტურ ციფრებში

მსოფლიო გამოცემები თავიანთ პირველ გვერდებზე აქვეყნებენ ცნობას, რომ პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში ინდექსი Dow Jones ათას პუნქტზე მეტით დაეცა. აბსოლუტურ ციფრებში ეს შემაშფოთებლად ჩანს, მაგრამ შედარებითში - არა: დღის განმავლობაში ის 4,6%-ით შემცირდა, რაც ვერ შეედრება ვერც 1987 წლის "შავ ორშაბათს" (მინუს 22,6%) და ვერც 2008 წლის 15 ოქტომბერს (-7,9%). და მთლიანობაშიც, Dow Jones-ის არსებობის ისტორიაში ასზე მეტია ისეთი დღე, როდესაც ვარდნა ამაზე საგრძნობი იყო.

 

რა გახდა მიზეზი

 

Bloomberg-ი წერს, რომ ვარდნა აშშ-ის ეკონომიკაში მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებული შიშების გამო დაიწყო. ეს შიშები უსაფუძვლო არ არის - ტრამპის საგადასახადო რეფორმის გამო ეკონომიკაში უზარმაზარი თანხების შედინებას ელიან, რაც უმალ შეიძლება ფასებზე აისახოს: მაგალითად, ხელფასების ზრდა უკვე დაიწყო.


ინვესტორებისთვის ინფლაცია თავისთავადაც ცუდია და იმის ნიშანიცაა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საბაზო განაკვეთებს გაზრდის, ეს კი ეკონომიკური ზრდისთვის ცუდია.


საბაზო განაკვეთი - განაკვეთია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი (აშშ-ის შემთხვევაში ფედერალური სარეზერვო სისტემა) მზადაა კომერციულ ბანკებზე კრედიტები გასცეს. დაბალი განაკვეთები გამოიყენება ეკონომიკური აქტიურობისათვის, მაღალი - ინფლაციის შესაჩერებლად.


ამასთან, 5 დეკემბრიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალ ხელმძღვანელად მუშაობა დაიწყო ჯერომ პაუელმა. ის ადრეც აცხადებდა, რომ დროა ეკონომიკაში საბაზო განაკვეთები ნორმალურ დონემდე მიიყვანონ, ხოლო საგადასახადო რეფორმის ფონზე მას მოქმედებისთვის დამატებითი საბაბიც გაუჩნდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner