ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ საარჩევნო ცვლილებები ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. „ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, მივსულიყავით ისეთ ვადებამდე, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მოსწრებულიყო. როდესაც თავად სჭირდებოდა, მაშინ სასწრაფო წესით განახორციელა საკონსტიტუციო ცვლილება. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, ამბობენ, რომ ვერ მოესწრება. თუმცა პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არასაკონსტიტუციო, მაგრამ კოდექსში ცვლილებების შეტანა სავსებით შესაძლებელი იყო", - განაცხადა ნაჭყებიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.
მისი თქმით, მეორე პრინციპული საკითხია კვალიფიციური სუბიექტებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციებში ადგილების მიცემა. „მას შემდეგ, რაც დაიშალა კოალიაცია, განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნო ადმინისტრაციებში აღარ არის 5 პარტიით წარმოდგენილი. თუ ეს პარტიები არიან კვალიფიციური სუბიექტები, ზუსტად ასეთივე პრინციპით არიან კვალიფიციური სუბიექტები ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი 2014 წლის არჩევნების დროს. რით განსხვავდებიან? თუ პროცენტულობაზეა საუბარი, მაშინ ვინ განსაზღვრავს, რამდენპროცენტიანია კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკლური პარტია და ა.შ. და რამდენპროცენტიანი ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ითხოვენ ადმინისტრაციაში წარმომადგენლებს? ზუსტადაც, მათი პროცენტი განსაზღვრულია და მათ რეალურად აქვთ ბარიერი გადალახული. რაც შეეხება ყოფილი სახელისუფლებო პარტიების რეიტინგს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და არა მათი რეიტინგი", - განაცხადა ნაჭყებიამ.
რაც შეეხება ჯამურად ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიებისთვის 100 000 ლარის გადაცემას, ნაჭყებიას თქმით, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნათა სიაში ეს არ შედის.
„როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ხელისუფლება, უნდა დაამატოს, რომ ეს მისი ინიციატივაა და რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ. ეს სალანძღვი თემა გახდა, ისევე როგორც 2012 წელს მილიონი ლარი, რომელიც მართლაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინიციატივა, ოღონდ ვინც ბარიერს გადალახავდა. ბარიერის გადალახვის შემდეგ ვინც მიიღო ეს მილიონი ლარი, არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში მოხვდა, არ უთქვამს, არ მინდა მილიონი და წაიღეთ უკანო. არავის არაფერი უთქვამს, ყველამ დედის რძესავით შეირგო ეს მილიონი ლარი. ამიტომ როდესაც ამ თემაზეა საუბარი, ყველა დაფიქრდეს, თვითონ რა აქვს გაკეთებული..." - აცხადებს ნაჭყებია.