logo_geo
eng_logo
როგორ ეხმარებოდა კონსტანტინე გამსახურდია მსოფლიო ომის დროს ქართველ ტყვეებს – გერმანულ არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტი
- +

8 თებერვალი. 2018. 00:01


 

„საინფორმაციო სააგენტო „ქართული აზრი" აქვეყნებს მკვლევარ გიორგი ასტამიძის მიერ გერმანულ არქივებში მოძიებულ წერილს კონსტანტინე გამსახურდიას (1891-1975) შესახებ მისი ცხოვრების გერმანული პერიოდიდან (http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=178&id=18145) " , - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნული წერილის თარგმანს გვთავაზობს:

 

„ამ წერილში, რომელიც ქართულად ვთარგმნე, გთავაზობთ აქ:

 

„ბერლინი, 1918 წლის 24 ოქტომბერი.

 

თქვენო მაღალკეთილშობილებავ, ლეგაციონსრატო ფონ ვეზენდონკ!

 

ნება მომეცით, პატივცემულო ბატონო ფონ ვეზენდონკ, მოგმართოთ ერთი თხოვნით: 6 წელიწადი გერმანიაში ვსწავლობდი ფილოსოფიას, გერმანულ ხელოვნებას, ლიტერატურის ისტორიას, გერმანიის ისტორიას და ა.შ. გერმანიის უნივერსიტეტში იმატრიკულაცია გავიარე 1915 წელს.

 

ამჟამად მაქვს განზრახვა მოვიპოვო ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება. ფაკულტეტის დეკანმა, გეჰაიმრატმა ერდმანმა (იგულისხმება ცნობილი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი ბენო ერდმანი, კ.გ.) მამცნო, რომ არის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ისეთ უცხოელებს მიეცემათ ნებართვა დაიცვან დისერტაცია, რომელთათვისაც გერმანული მშობლიური ენაა. მე ქართველი ვარ და გერმანულ ენას საკმაოდ კარგად ვფლობ. 3 წლის მანძილზე მე სხვადასხვა ჟურნალებში მე გამოაქვეყნე არაერთი სტატია, გარდა ამისა არსებობს ჩემს მიერ დაწერილი ბროშურა „კავკასია პირველი მსოფლიო ომის დროს", „კავკასიელი"-ს ფსევდონიმით, სერია Orientbucherei, 1915 წელი, ვაიმარი, კიპენჰაუერის გამომცემლობა.

 

ამის გამო მინდა უმორჩილესად გთხოვოთ შუამდგომლობა გამიწიოთ კულტურის სამინისტროში, რათა დავიცვა დისერტაცია გერმანიაში.

 

კულტურის სამინისტროს ნებართვა უნდა გადაეგზავნოს ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანს.

 

მრავალგზის მოტევებას ვითხოვ, ბატონო ლეგაციონსრატო, რომ გაწუხებთ ამ თხოვნით და წინასწარ გიხდით უმორჩილეს მადლობას თქვენი მეგობრული ძალისხმევისთვის.

 

ამ ხელმოწერით გიდასტურებთ თქვენ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას.

 

კონსტანტინე გამსახურდია"...

 

 

ჩემი კომენტარი: ამ პერიოდში კონსტანტინე გამსახურდია საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის შუამდგომლობით უკვე ბერლინში ახლადგახსნილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეა. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი ელჩი იყო სოციალ-დემოკრატი ახმეტელაშვილი. იგი იმავდროულად ასრულებს თავის სადოქტორო დისერტაციას.

 

ამავე პერიოდში მწერალმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და გერმანიის გენერალურ შტაბთან შეთანხმებით საქართველოსკენ წამოიყვანა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის სხვადასხვა ტყვეთა ბანაკებში განთავსებული 2000-მდე ქართველი სამხედრო ტყვე. ეს მისია როტერდამიდან ფოთამდე განხორციელდა კრეისერით, რომელსაც ერქვა დამაფიქრებელი სახელი - „ქრისტიანია." (ამ გემს მე ვუწოდე კონსტანტინეს „გემი დალანდი")

 

სხვათა შორის, მწერალი იგონებდა, რომ ამ ბანაკებში პირველი მისვლისას „დამოუკიდებლობის კომიტეტის" ეგიდით, (რომლის წევრიც თავად იყო) ქართველი ტყვეები აგრესიულად შეხვდნენ თვით საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. მათ კარგად გვაგინესო რუსულად.

 

ფონ ვეზენდონკი, რომელიც არის წერილის ადრესატი, უნდა იყოს ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი, ევროპის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ირანისტი და კავკასიოლოგი, ავტორი წიგნისა „ქართული წარმართობის შესახებ" (1924) რომლის წინასიტყვაობაშიც მეცნიერი საყურადღებო რჩევებისთვის მადლობას უხდის ივანე ჯავახიშვილს, გიორგი ჩუბინაშვილს, მიხეილ წერეთელს და კონსტანტინე გამსახურდიას. ცოტა მოგვიანებით იგი დაინიშნა გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის საელჩოს კონსულად საქართველოში და თბილისში დარჩა 1926 წლამდე.

 

ფონ ვეზენდონკზე კონსტანტინე გამსახურდია მემუარებში წერდა, რომ იგი რიხარდ ვაგნერის გულისსწორის და მუზის, მატილდე ფონ ვეზენდონკის ვაჟი იყოო. აქ მცირე უზუსტობაა - ის მატილდეს შვილიშვილი იყო. როგორც ცნობილია, მატილდეს ვაგნერმა მიუძღვნა თავისი განუმეორებელი ოპერა „ვალკირია". მისი ვილა დღესაც დგას ციურიხის ტბაზე", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.



 

 

 

 

 

 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner