logo_geo
eng_logo
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს!
- +

8 თებერვალი. 2018. 03:13



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.


წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.


წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.


„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ნათქვამია კრების ძეგლისწერაში.


შემდგომ წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.


1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.


წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.


ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner