„მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოში უფრო ბიზნესპროექტია, ვიდრე კულტურული ღონისძიება", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარი კონცერტებსა და უცხოელი პოპვარსკვლავების ჩამოყვანაზე და რა არის პროექტ Chek in Georgia მიზანი - მინისტრი განმარტავს:
„ეს არა არის მხოლოდ კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. ეს გახლავთ საკმაოდ პრაგმატულად გათვლილი პროექტი Chek in Georgia, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს ჩართულობას, არამედ სხვა სახელმწიფო უწყბებისაც, როგორიც არის მაგალითად, კულტურის სამინისტრო; იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვებს გეგმავს პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა; ასევე გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც სპეციალურ ტურებს სთავაზობს ტურისტულ სააგენტოებს დაცულ ტერიტორიებზე. ამ ინტენსივობის კულტურული კალენდარი დიდი საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს არის გზავნილი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო, სტაბილური და მზად არის, ყველა თვალსაზრისით ამ დონის ღონისძიებებს უმასპინძლოს", - აცხადებს გიორგაძე.