logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმამ ძალიან ცუდ დისკუსიებს მისცა ბიძგი...
- +

8 თებერვალი. 2018. 15:40



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმამ ქართულ facebook-ზე ძალიან ცუდ დისკუსიებს მისცა ბიძგი. „ზვიადისტებმა" და „ანტიზვიადისტებმა" წარსულის გახსენება დაიწყეს და თუ ორივე მხარე დროზე არ დააყენებს ერთ ადგილს, ისედაც დაულაგებელი საზოგადოება კიდევ უფრო აირევა.

 

საკმარისია იმით დაკმაყოფილება, რომ ისტორიაში გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა შევიდა როგორც ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო გზით, მიუხედავად იმისა, რომ ანტიზვიადისტები ამ გადატრიალებას მიიჩნევდნენ „ფაშისტური რეჟიმის დამხობად", ისინი არ უარყოფენ, რომ მოხდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა.

 

და დღეს, თუ ორივე მხარეს მყოფი აქტივისტები თვლიან, რომ ისტორიაში აუცილებლად გასარკვევია მტყუან-მართალი და დასასმელია წერტილები, მაშინ საზოგადოებამ იმავე მიდგომით უნდა გადახედოს მთელ მაშინდელ პროცესებს და მზად იყოს იმ ტკივილებისთვის, რომელიც ამ ქექვას მოჰყვება და ეს არ იქნება მხოლოდ უშუალოდ სახელმწიფო გადატრიალების თემა, არამედ შესასწავლი იქნება პროცესები 1988 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის შოვინისტური განცხადებებიც, ეროვნული მოძრაობის ლიდერშიპის ქცევაც 9 აპრილს, მანამდე გაკეთებული განცხადებებიც, სამოქალაქო ომში ორივე მხარის მხრიდან ჩადენილი სამხედრო დანაშაულებიც, აფხაზეთში ამ კინკლაობისგან მიღებული დანაკარგებიც, ტერაქტებიც ასევე ორივე მხრიდან, ორივე მხარის ურთიერთობები რუსეთთან და... შედეგად, ვერც მხარეები და მითუმეტეს, ვერც საქართველო ვერაფერს მიიღებს, გარდა სირცხვილის გრძნობისა. ის პერიოდი, მთელი ქართველი ერის სირცხვილის წლებია.

 

ნაცვლად იმისა, რომ ბალტიისპირეთის მსგავსად, რესპუბლიკა პრაგმატულად მომზადებულიყო დამოუკიდებლობისთვის, პოლიტიზირებული საზოგადოება ჩავარდა რაციონალიზმისგან ძალიან შორს მყოფი ეგზალტირებული ურაპატრიოტიზმის მორევში, მორევში, რომელმაც შვა შოვინიზმი, დაქუცმაცებულობა და აგრესია, მორევში, რომლიდან ქვეყანა ამოვიდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, სისხლიანი, დამშეული, დამცირებული და გათითოკაცებული, ტერიტორიებდაკარგული და ეკონომიკაშემოხეული.

 

ამიტომ, ორივე მხარემ დაამუხრუჭეთ, ორივე მხარეს მდგომმა აქტივისტებმა დააშავეთ, მთელმა ერმა, განსაკუთრებით კი მისმა ელიტებმა დააშავა, როცა სუფრული პატრიოტიზმის, ეროვნული დიმპიტაურის და პირადი ამბიციების მიღმა არ გაუხედავს, არ დაუგეგმავს ქვეყნის მომავალი და შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს. ორივე მხარე დაოკდით, ორივე მხარეს ბევრნი ხართ, ბევრს გაგიხსენებენ იმას, რისი დავიწყებაც გინდათ, შვილები დაგვისვამენ კითხვებს, მათ ხომ ყველაფერი არ მოუყევით...

 

მაგ პერიოდის გაქექვით საქართველო დეპრესიაში ჩავარდება, როცა აღმოაჩენს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის ტრიუმფის მიღმა ბევრ ტყუილს, ღალატს, მტრობას, ანგარებას და ისტორიის შელამაზებას აქვს ადგილი.

 

აბა, დაფიქრდით, დღეს ორივე მხარეს გაწყობთ ის „დამაკიაჟებული" ისტორია, რომელიც დაილექა საზოგადებაში. თქვენთვის კი, ერთი მხარე დარჩება როგორც „კონსტიტუციური და დამხობილი", მეორე, როგორც „ქვეყნის დიქტატურისგან მხსნელი", ორივე დაკმაყოფილდით თქვენ თქვენი პოზიციით, ქვეყნის ახალ თაობებს ნუღა დატვირთავთ იმ პერიოდის სიბინძურით, მომავალ თაობებს არც აინტერესებთ. მათ ეს ქვეყანა აქვთ ასაშენებელი და შეეშვით!" - წერს უძილაური. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner