თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული შპს „ლანცეტი"-ს დირექტორი ფ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ., რომელსაც საქართველოში საექიმო საქმიანობისთვის არ გააჩნდა სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ შესაბამის სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს „ლანცეტის" დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში" თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს „ლანცეტში" მისული საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ. და კ.კ.
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა „ლანცეტის" დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყოვნებლივ გადახდა.
2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ-მ შპს „ლანცეტის" ანგარიშზე ჩარიცხა 99204 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7 მარტს ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა „ლანცეტის" იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს „ლანცეტისთვის" უარის თქმის მიუხედავად, ფ.ჯ-ს დავალებით 2016 წლის 3 მარტს და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.