პირველი ქართული უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უნივერსიტეტმა აღზარდა თაობები და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული განათლების სისტემის განვითარებაში. ეს იყო ადგილი, სადაც საზოგადოების მაჯისცემა ყოველთვის იგრძნობოდა. ტრადიცია არც ახლა დარღვეულა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ მოვლენების ეპიცენტრშია. განათლების სისტემის რეფორმირებაზე საუბარი სწორედ ამ ადგილიდან იწყება და დაარსებიდან საუკუნის შემდეგ, კვლავ ქვეყნის ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებად რჩება.
ინარჩუნებს თუ არა პირველობას, რა პრობლემების წინაშე დგას - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე პირველ არხს უნივერსიტეტის განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- 100 წლის წინ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ არსებული რეალობა შეცვალა, ის განათლების მთავარ კერად იქცა. ახლა ამ უნივერსიტეტის რექტორი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს თარიღი?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო არა მარტო პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში, არამედ პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც სწავლება ქართულ ენაზე დაიწყო. ეს იყო პირველი შემთხვევა მთელ პოსტრუსულ იმპერიაში, როდესაც უმაღლესი განათლების მთელი ციკლი საღვთისმეტყველო მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა არ გვქონდა განვითარებული ინსტიტუციები. პირველი საქმე, რასაც ჩვენი დამფუძნებელი მამები აკეთებდნენ, იყო ტერმინოლოგიის შექმნა. ამაზე ფიქრი 1907 წელს დაიწყო, როდესაც რეალურად დადგა საკითხი, რომ ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ ოცნება რეალობად ქცეულიყო. მთელი მაშინდელი მოძრაობა მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოში სახალხო განათლების სისტემა ჩამოყალიბებულიყო. თავდაპირველად, უნივერსიტეტის შექმნაზე ფიქრი არც დაიწყებოდა, რომ არა ივანე ჯავახიშვილის უნიკალური როლი. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მათ შორის, ნიკო მარი, რომელსაც სწავლების დაწყება რუსულ ენაზე სურდა, თუმცა ივანე ჯავახიშვილის ხაზმა გაიმარჯვა.
ამასთან, მეორე ფუნქცია, რომელიც უნივერსიტეტს ჰქონდა, იყო მისი საზოგადოებრიობა. მართალია, ის იურიდიულად შეიქმნა, როგორც კერძო, თუმცა რეალურად იყო საზოგადოებრივი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მთავარი შენობაც საზოგადოების შემოწირულობით არის აშენებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზოგადოების გამაერთიანებელი გახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირველი სტუდბილეთი ქალს ეკუთვნოდა. მისი შთამომავლები საზეიმო ღონისძიებაზე ჩამოდიან, ახლა ისინი პარიზში ცხოვრობენ.
- ცოტა ხნის წინ „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება" აღდგა, რა დატვირთვა აქვს ამ გაერთიანებას?
- უნივერსიტეტის იუბილეს აღნიშვნა გასული წლის 15 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება აღდგა. ამ აქტს აღდგენა დავარქვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საზოგადოება ეძებდა ხალხს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ პედაგოგებს, ასევე, ფინანსურ საკითხებზე ზრუნავდა. ამ პროცესში ყველა ჩაება. თუ ნახავთ, ვის შემოჰქონდა თანხა, ძალიან საინტერესო სურათს მიიღებთ. თავიდან შენატანი 300 მანეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა მერე ითქვა, რომ ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი შეეტანა. თქვენ აღმოაჩენთ კოტე აფხაზს, რომელმაც 300 მანეთი შესწირა უნივერსიტეტს, არქიმანდრიტ იოანეს, რომელმაც 25 მანეთი შეიტანა, ასევე, ნახავთ მუშას, რომელმაც 5 მანეთი გაიღო. ვისაც რამდენი შეეძლო, ის შეჰქონდა. აი, ეს გახდა თსუ-ის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტი. პირველივე დღიდან უნივერსიტეტი დაარსდა, როგორც ავტონომიური სასწავლებელი. სწორედ წესდების მესამე პუნქტში წერია, რომ ქართული უნივერსიტეტი არის სრულიად დამოუკიდებელი. მე რომ თსუ-ის კურსდამთავრებული ვიყავი, მაშინ არ არსებობდა ადგილი, სადაც უნივერსიტეტისთვის რაღაცის გაკეთებას შეძლებდი, ახლა ეს საზოგადოება ამ ფუნქციასაც შეითავსებს. ვისაც სურვილი აქვს, დაეხმაროს უნივერსიტეტს, რასაკვირველია, უნივერსიტეტი მათი მადლობელი იქნება. მაგალითად, დღეს რამდენიმე წერილი მომივიდა, მათ შორის, გამოჩენილი მეცნიერის, ოთარ ჯაფარიძის, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავის ბიბლიოთეკას საჩუქრად თსუ-ს გადასცემს. ეს არის ძალიან პოზიტიური ჟესტი. ის 96 წლის არის და მთელი მისი ცხოვრება უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული.
- როგორ ფიქრობთ, უნივერსიტეტს დღესაც ისეთივე საზოგადოებრივი ფუნქცია აქვს, როგორც დასაწყისში იყო?
- ნამდვილად. ბოლო პერიოდში კარგი რაც მოხდა, ეს არის კონსტიტუციური ცვლილებები, სადაც ერთ-ერთ პუნქტშია ასახული, რომ უნივერსიტეტი არის ავტონომია. იმედია, პარლამენტი ამ კონსტიტუციას მესამე მოსმენითაც მიიღებს. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ გავიმეორეთ ის, რაც პირველ წესდებაში ეწერა. ევროპაში მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს მსგავსი ჩანაწერი - აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპი, რომელიც საკონსტიტუციო ნორმად ჩამოყალიბდება.
- რას მისცემს ეს ჩანაწერი უნივერსიტეტს?
- ეს ჩანაწერი უნივერსიტეტს მისცემს იმას, რომ ორგანულ კანონში გაიწერება, რას ნიშნავს ავტონომია. ჩვენი სურვილია, რომ თსუ გახდეს საზოგადოებრივი უნივერსიტეტი და არა - სახელმწიფო. სხვათა შორის, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა, მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა მთავრობას წინაპირობა წაუყენეს, არ ჩარეულიყვნენ მათ შიდა საქმიანობაში და მხოლოდ ფინანსური ანგარიშვალდებულება ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ახლაც დარჩება, თუმცა უნივერსიტეტი იქნება საზოგადოებრივი.
თუმცა, უნივერსიტეტში რჩება ბევრი პრობლემა, მაგალითად, დაფინანსების წესი, მართვის სისტემა, რომელსაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ბევრი პრობლემა არსებობს, შესაცვლელია უმაღლესი სკოლის დაფინანსება, ასევე, ბევრი რამ, რაც უკავშირდება უმაღლესი სასწავლებლების მართვას. პრობლემების მოგვარების ხედვა და მზაობა არსებობს. კარგად დავიწყებული წარსული აწმყოა. რასაც ვლაპარაკობთ დღეს, თანამედროვედ ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორებს ირჩევდა ყველა, ეს იყო ღია პროცესი. ყველა პროფესორი და სტუდენტი ესწრებოდა მომავალი ლექტორის ლექციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა რექტორი გადაწყვეტილებას. ამას უნდა დავუბრუნდეთ, რადგან ეს არის ევროპული უნივერსიტეტი, ეს არის ღია მმართველობის სისტემა და ეს არის ჩართულობა. საზოგადოება უნდა მონაწილეობდეს უნივერსიტეტის ცხოვრებაში, მათ შორის, მართვაში. ეს არის პრინციპი, რომელიც დავკარგეთ 70-წლიანი ოკუპაციის პირობებში.
- ხშირად საუბრობენ, რომ თსუ ბაზარზე კონკურენციას ვეღარ უძლებს, როგორია თქვენი პოზიცია?
- ჩვენი პოზიცია ასეთია - რაც მეტი იქნება კონკურენტი, მით უკეთესი. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მართვით და დაფინანსებით დამთავრებული, უამრავი პრობლემა არსებობს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თსუ-შიც. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი და არა იმიტომ, რომ რექტორი ვარ და მუნდირის ღირსებას ვიცავ, თსუ-ს კონკურენტი არ ჰყავს, წერტილი! ყველაფერი დანარჩენი, ვითომ თსუ მხოლოდ სახელი დარჩა, რეალობას არ შეესაბამება. ძალიან კარგია, რომ აგრესია მოდის, ე.ი. თსუ არის ცოცხალი ორგანიზმი. რაც შეეხება სტუდენტურ მოძრაობებს, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, იქ, სადაც არ არის სტუდენტური მღელვარება, იქ, სადაც სტუდენტობა არის ძალიან დავარცხნილი, დალაგებული, არ მგონია, რომ მაინცდამაინც კარგი იყოს და უხდებოდეს უნივერსიტეტს. რა თქმა უნდა, ასაკიდან, მაქსიმალიზმიდან გამომდინარე გინდა, უკეთესი გახდეს შენი გარემო. ყველანაირი სტუდენტური მოძრაობა პოზიტივის მატარებელია, თუ ის გარკვეულ ზღვარს არ გადავა. ცხადია, გვინდა უკეთესი და ხარისხიანი განათლება, რაც ნიშნავს უკეთესი პროფესორის და სტუდენტის მისვლას უნივერსიტეტში. ამას დიდი შრომა დასჭირდება, ერთ და ორ დღეში არ გამოვა. ახლა უნივერსიტეტში უპრეცედენტოდ ბევრი კარგი რამ ხდება. არ ვიცი, რას მივაწერო ეს, 100 წლის იუბილეს თუ იმას, რომ კარგად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. გვაქვს სიახლე, მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაციის გეგმა ხორციელდება და მთავრობა მთლიანად აფინანსებს ამ პროექტს. უკვე ვიცი, რომ სამუშაოები მაისიდან დაიწყება და ზაფხულში ინტენსიურად გაგრძელდება. ამასთან, თსუ-ს გადაეცა თანამედროვე სტანდარტის საერთო საცხოვრებელი ლისის ტბაზე. ეს არ არის საკმარისი, თუმცა კარგია, რომ გამოჩნდა ადგილი და შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისთვის კარგი პირობები შეგვეთავაზებინა. განსხვავებით იმ საერთო საცხოვრებლისგან, რომელიც გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს.
მესამე პროექტი კი ყველაზე მასშტაბური იქნება, ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მუშაობს, რათა დაახლოებით 3000-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ააშენოს, ეს იქნება სოციალური პრობლემების მოხსნის წინაპირობა არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც.
ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, სხვათა შორის, ქიმიის ინსტიტუტის რეაბილიტაცია მთავრდება, მაგრამ 16 ასეთი კვლევითი ინსტიტუტი ძალიან ცუდ დღეშია. მაგალითად, ენათმეცნიერების ინსტიტუტში ახლა ფიზიკურად საშიში მდგომარეობაა, ხალხის გაჩერებაც კი არ შეიძლება, თუმცა ამ პრობლემების მოგვარებას ძალიან დიდი დაფინანსება სჭირდება. 22 შენობა გვაქვს თბილისში. გასაგებია, რომ ერთ დღეში ეს არ კეთდება, თუმცა ამ გეგმას აუცილებლად მივყვებით. თუ არ მოწესრიგდა სასწავლო-კვლევითი გარემო, ძალიან რთული იქნება კონკურენციის გაწევა. კარგია, რომ ყველა ეჯიბრება თსუ-ს და უნივერსიტეტი ერთგვარი გამაღიზიანებელი და თამასაა. თუმცა, საქართველოში ჩვენი კონკურენტი არ არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში არც იქნება. ჩვენი კონკურენტია ევროპული უნივერსიტეტი, სადაც ჩვენი სტუდენტები ძალიან თავისუფლად მიდიან.
- რას ეყრდნობა თქვენი შეფასება, რომ თსუ ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა?
- არსებობს რეიტინგები და სულ მაგაზე გვიკიჟინებენ, რომ რამდენიმე ადგილით ჩამოვქვეითდით და ასე შემდეგ. თქვენ რეიტინგებს მიხედეთ, ასე ვეტყოდი მათ. ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. „გლობალის" მიხედვით, ბოლო რეიტინგის მონაცემებით, ჩვენ 359-ე ადგილზე ვართ, სადაც ბევრ პარტნიორ უნივერსიტეტს ვუსწრებთ ევროპაში და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ყველა რეიტინგში, მათ შორის, Time Higher education -ში, ფინალში გავედით. ჩვენი რეგიონიდან ერთადერთი უნივერსიტეტი ვართ, რომელიც ამ რეიტინგებში გადის. ვცდილობთ, მეცნიერება განვავითაროთ. აუცილებლად უნდა ნახოთ, რას აკეთებს SmartLab და AtmoSim Lab, როგორ ვახერხებთ, რომ ახალგაზრდები დავაბრუნოთ საქართველოში და ჩავრთოთ ისინი მეცნიერებაში. ჩვენთან იქმნება ბიოჩიპები, რომელიც სხვათა შორის, საუდის არაბეთში გავყიდეთ. ბიოჩიპს აწერია Made in Georgia. ხომ გვინდა, რომ ბრენდი შევქმნათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ბრენდი და იშვიათია ქვეყნები, სადაც 100-წლიანი ბრენდებია, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ იმ პოზიციას, რაც დაარსების დღიდან ჰქონდათ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ლიდერები ვართ რეგიონში, წერტილი. რაც მეტი უმაღლესი სკოლა იქნება, უკეთესია, რადგან ლანდშაფტი უნდა შეიქმნას მეცნიერებაში და არ შეიძლება ეს იზოლირებულად, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ხდებოდეს. თუმცა დღეს არ გვაკმაყოფილებს ის დონე, სადაც ვართ და ძალიან დიდი ამბიცია გვაქვს. მომავალი გვიჩვენებს, როგორ მოხდება ამ ამბიციების რეალიზება.
- თუმცა, პრობლემად რჩება განათლების ხარისხი, მოძველებული სილაბუსები და ამას დამატებული ის პრობლემები, რომელთაც სტუდენტები დღემდე აპროტესტებენ...
- უკმაყოფილების მთავარი მუხტი რამ გამოიწვია - განცდამ იმისა, რომ არასწორად კეთდება რაღაცები, იგივე ფულის განაწილება, ვიღაც სტუდენტებს პრივილეგირებული წვდომა ჰქონდათ კონკრეტულ რაღაცებზე და ასე შემდეგ. ეს ხომ ადვილი მოსახსნელი იყო.
რაც შეეხება სილაბუსებს, მივედით იქ, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ შეიცვალა მოთხოვნები, სტანდარტები, შეიცვალა ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტი. მაგალითად, ახლა თავად გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, ერთი ფაკულტეტის შეფასება ექსპერტებს ვთხოვეთ. მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ჯგუფი ჩამოვიდა, რომელმაც იურიდიული ფაკულტეტის მზაობა შეამოწმა, ძალიან პოზიტიური შეფასებები იყო, კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად. სილაბუსები აუცილებლად უნდა განვაახლოთ, არავის ექნება იმის ამბიცია, რომ ეს ერთ დღეში მოხდება.
რაც შეეხება დამოუკიდებლობას, ერთადერთი კავშირი, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს უნივერსიტეტთან, ეს არის ხარისხის კონტროლი. ჩვენ გვაქვს ხარისხის კარგი სამსახური, ახლა ვემზადებით ავტორიზაციისთვის, ეს არის ძალიან დიდი ეტაპი, ბევრი უმაღლესი სკოლა შეიძლება ავტორიზაციის მიღმა დარჩეს.
ამასთან, საზოგადოებაში დიდი აგრესია არსებობს და ჩვენი სტუდენტებიც რომ უყურებენ ამას, ეს აგრესია მათაც უჩნდებათ. რომ ეკითხებიან, სად სწავლობთო, მორცხვად პასუხობენ - თსუ-ში. არაფერი სამარცხვინო ამაში არ არის, თსუ-ში რომ სწავლობ, საამაყოა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, საიდან ყალიბდება სიამაყის გრძნობა და რას ნიშნავს თსუ. უნდა ვიცოდეთ, რატომ უნდა ვიზეიმოთ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე.
12 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა პირველი ლექცია. წელს პირველ ლექციას ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს, ის დაბრუნდა უნივერსიტეტში.
- და ბოლოს, რას ნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
- ეს არ არის მარტო სასწავლო დაწესებულება, ეს არის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ასრულებდა ერთ ფუნქციას, აკეთებდა ქართულ საქმეს. როდესაც ერს უჭირდა, საითაც ვიხედებოდი, ეს იყო თსუ და ახლაც ასეა. ბევრს ეს არ მოსწონს, თუმცა უნივერსიტეტი სულ იქნება, ის ბევრ რამეს გადაიტანს, თაობები წავლენ, უნივერსიტეტი კი დარჩება. პირველი ქართული უნივერსიტეტი შეასრულებს ქართულ საქმეს.
ავტორი: გიორგი ურუშაძე