საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბავშვობიდან ვიცი, ამის მჯერა და მწამს: ვიდრე ვინმეს ქცევას განვსჯი, თუნდაც ყველაზე უპატიებელ საქციელს, თუკი გამიხარდება ვინმეს ცუდი ან ვუსურვებ ცუდს, ერთხელაც სამყარო ამ ყველაფერს ბუმერანგივით მომიბრუნებს... ეს არის ჩემი რელიგიაც და მრწამსიც.
ჩვენი შეცდომებიც სამყოფი გვაქვს, სხვა რომ არ განვსაჯოთ... ან, ვიცით კი, დანამდვილებით, ვინ რა ცხოვრებით იცხოვრა ან სად შეცდა?
90-იანი წლებიდან ვიცნობ დოდოს. სიყვარულის მეტი არაფერი დამიტოვა გულში. არც ადამიანი შემხვედრია, ვინც იტყოდა, რომ პირადად დაინახა მისი სიავე და დანაშაული. არ ვიცი, ეგებ არიან ასეთებიც. მე არ ვიცნობ.
ერთი, რაც ზუსტად ვიცი, მეც ვარ დედა და მეზრდებიან შვილები. არაფერია იმაზე დიდი ტკივილი, რაც ამ ქალს დაემართა. შუბლში ხუთტყვიადახლილი ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის დედის შეცდომებით „ახსნა" და ამაზე ქილიკიც არაადამიანობაა.
სხვა რაღაც მასწავლეს მე ბავშვობიდან, სულ სხვა რაღაც... საკუთარ თავსვე ვავნებთ ამ გაცემული ნეგატივით, ეს სადღაც ყოველთვის ბრუნდება უკან და არავის ვუსურვებ იმავეს.
გულის გახლეჩამდე მტკივა ამ ბიჭის ამბავი, მაგრამ არანაკლებ ის, რასაც ვისმენ..." - წერს ხოსიტაშვილი.