დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა და მისი შვილის მკვლელობა კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
„ნიუპოსტი" დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქაუტაძეს ესაუბრა. მიქატაძე გუგეშაშვილების ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზად, წარსული საქმიანობის გამო დოდო გუგეშაშვილზე შურისძიებას გამორიცხავს:
„ნოდარი ჰყავთ სასიკვდილოდ გამეტებული. მას ორი საკონტროლო ტყვია აქვს დახლილი. გამოდის, რომ ნოდართან მოვიდნენ, დოდოს შვილის გადარჩენა უნდოდა..." - განაცხადა „ნიუპოსტთან" გუგეშაშვილის მეგობარმა.
მიქატაძე გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს. მისი თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ დოდოსთან ვეტერანი შესულიყო".
„ამბობენ, რომ დოდომ მკვლელის ვინაობა იცის, იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ვეტერანი იყო. დოდოსთან ვეტერანი რომ შესულიყო, არ არის გამორიცხული, რადგან ამ წრეში ტრიალებდა. ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის გამორიცხული. დოდო რომ მკვლელს იცნობდა, იქიდანაც ჩანს, რომ სხვანაირად ის ბინაში ასე მარტივად ვერ შეაღწევდა", - აღნიშნა რესპონდენტმა.
კითხვაზე, გარკვეულ ფინანსურ საკითხებს ხომ არ უკავშირდება მკვლელობა და დაჭრა, ზაირა მიქატაძე ამბობს, რომ გუგეშაშვილს ვეტერანთა საბჭო პროექტებსაც კი არ უფინანსებდა.
„ჩვენი სამსახური მას პროექტებს არ უფინანსებდა, სიმართლე გითხრათ, მასაც არ ჰქონია ეს მოლოდინი. ჩვენ უბრალოდ ვგეგმავდით და ვახორციელებდით. ჩვენ ერთი კვირით ადრე, აჭარა-გურიაში მივლინებით ვიყავით, დღე და ღამ ერთად ვიყავით, გარკვეული უსიამოვნება მათ შორის ფინანსური რომ ყოფილიყო, მას ეს აუცილებლად წამოსცდებოდა", - განაცხადა ზაირა მიქატაძემ.