შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.
„მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის, 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.
გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.