ცნობილი მსახიობი ელგუჯა ბურდული მკურნალობის კურსს გადის. სიარული უჭირს, რადგან, როგორც მისი მეუღლე ინეზა აბესაძე ამბობს, სისხლძარღვები აქვს დაზიანებული. სპორტულ ცხოვრებას მიჩვეულ 76 წლის მსახიობს სახლში ყოფნა უჭირს. ახალი როლების შეთავაზებამ იმედი მისცა და ტკივილებიც დაავიწყა - ახლა მისთვის მთავარი ხევისბერის როლის თამაშია.
ელგუჯა ბურდულს დაავადება გასული წლის დეკემბერში გაუმწვავდა. ოჯახმა დასახმარებლად თბილისის მერიას მიმართა. როგორც ინეზა აბესაძემ „სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა, თბილისის მერი კახა კალაძე პირადი ფონდიდან აფინანსებს ელგუჯა ბურდულის წამლებს.
„მერიას მივმართე. ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ეს საქმე აქვს დავალებული. თურმე 300 კაცი ითხოვდა წამლებს. აუღია და მთლიანად გადაუხაზავს ეს სია. კალაძეს მოუთხოვია, მანახეთ ის სიაო. როცა უნახავს, უკითხავს, ასეთი კაცი-ლეგენდა ნუთუ ბევრი გვყავს ქართველებსო.
გუჯი იღებს წამლებს, რომლებიც 490 ლარი ღირს და ორი თვე ჰყოფნის. წამლების დაფინანსება კი ყოველ 3 თვეში ერთხელ ხდება. ერთი სიტყვით, გადარეულა კალაძე და ახლა თავისი პირადი ფონდიდან გვიფინანსებს ამ წამლებს", - განაცხადა ინეზა აბესაძემ.