თურქეთი მზადაა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ოფიციალური წარმომადგენელი აბრაჰიმ კალინი ავრცელებს.
კალინის თქმით, დაუშვებელია, ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი და განვითარებული ურთიერთობები ერთ ინციდენტს შეეწიროს.
„სამწუხაროდ, დიალოგის პროცესს რუსული პროპაგანდა ბლოკავს. ჩვენ, როგორც ინციდენტის დასაწყისში, პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას ვცდილობთ და ეს წინადადება კვლავ ძალაშია", - აღნიშნა კალინმა.
მისი თქმით, თურქეთი სინანულს გამოთქვამს რუსეთის მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო განცხადებებზე.
„არასწორად ვთვლით, ყოველ ასეთ განცხადებაზე რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ მზად ვართ, შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ", - განაცხადა ერდოღანის წარმომადგენელმა.