ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში შედგა მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოსა და მისი თაყვანისმცემლების შეხვედრა. მსახიობი ძალიან გახსნილი და მხიარული იყო. მიკროფონსაც კი თვითონ აწვდიდა თაყვანისმცემლებს. მან პირველ შთაბეჭდილებებზე, ქართველების ღირსებასა და ნაკლზე, საკუთარ გემოვნებასა და პრეფერენციებზე ისაუბრა.
ძირითადად ქართველი თაყვანისმცემლები მოსალოდნელ კითხვებს უსვამდნენ: რაზე ოცნებობს, საყვარელი მსახიობი, მწერალი, ფილმი? და ყველას ტრადიციულად, რა თქმა უნდა, აინტერესებდა მისი დამოკიდებულება ქართულ სამზარეულოსთან.
ბონდარენკომ ქართული სამზარეულო, რასაკვირველია, დადებითად შეაფასა და გამოარჩია აჭარული ხაჭაპური. აგრეთვე აღნიშნა, რომ ოცნებობს Harley Davidson-ზე.საყვარელ მსახიობად თავიდან ლეონადრო დი კაპრიოს თვლიდა , შემდეგ კი - კიანუ რივზს. უკანასკნელი საყვარელი ფილმია „მებრძოლი" ტომ ჰარდის მონაწილეობით, ხოლო საყვარელი მწერალი - პაულო კოელიო.
ბონდარენკომ ასევე გულწრფელად აღნიშნა, რაც არ მოეწონა საქართველოში: „ვიტყვი გულწრფელად, რაც არ მომეწონა - ეს არაპუნქტუალურობაა. აი, ეს საერთოდ არ მომეწონა! თქვენ გიყვართ დაგვიანება და პრინციპში ეს მიღებულიცაა აქ".
მსახიობმა აღნიშნა, რომ საქართველოში მხოლოდ იმიტომ ვერ დარჩება, რომ რუსეთში შვილი ჰყავს, თუმცა ხშირად გვესტუმრება.