პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" და ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებთან შეხვედრას ვერ ბედავენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები დღეს ხვდებიან 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე „პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს.
„ის, რომ არც ელისაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა" ამ ფორმატში არ მონაწილეობს, პირდაპირი პასუხია იმაზე, რომ ისინი მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებებით იყვნენ დაკავებული და რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი და არც გამბედაობა ჰყოფნით შეხვედრაზე დასასწრებად.
თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი იყო ქვეყანაში და ამდენი უდანაშაულოდ ნაწამები მსხვერპლი, მაშინ ამის პასუხისმგებლობა სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის, რომელთა ლიდერები არიან კიდეც გასამართლებული სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, ამ ღია საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში მოვიდნენ, თუ ეყოფათ გამბედაობა და პირადად იმ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებთან ისაუბრონ და ის კითხვები დასვან, რაზეც ხშირად სპეკულირებენ სხდომებზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.