იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მივმართავ ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ ძეგლი დაუდგეს ზურა ვაზაგაშვილს... ეს მემორიალია, რაც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რა მოხდა და რაც აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს! სახელმწიფო, პოლიცია - არავის, არასდროს არ უნდა მოექცეს ასე უსამართლოდ! რომ არა 2006 წლის 2 მაისი, ზურა ვაზაგაშვილი დღეს 34 წლის შესრულდებოდა, რომ არა პოლიციის მიერ ქუჩაში ორი ახალგაზრდის მკვლელობა, არც დღეს მკვლელების ნათესავების საქილიკო მემორიალი იარსებებდა, არც შვილის უსამართლოდ მკვლელობაში დაღლილ ჩემს ძმას მოკლავდნენ ზურას საფლავზე ვერაგულად! ვიხსენებ ზურას და, ვფიქრობ, ნუთუ საჭირო იყო ორი ახალგაზრდის უღმერთოდ ჩაცხრილვა? ამით ხომ ყოველმხრივ საშინელი შედეგი მივიღეთ, განსაკუთრებით ახლობლებმა, ძაძები ჩაგვაცვეს, წაგვართვეს მომავალი! გამწარებულ მამას უნდოდა მომავალს ცოდნოდა, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს, ამიტომაც მუდმივად მიდიოდა ავადსახსენებელ ადგილას, ამაგრებდა წარწერას, რომ აღარასოდეს განმეორებულიყო მსგავსი ვანდალიზმი! „მკვლელებსა და ყაჩაღებს" ძეგლს არავინ უდგამს, სწორედაც, უსამართლოდ მოკლულების გასახსენებელია ეს წარწერა!" - წერს ვაზაგაშვილი.