საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დროის 90 %-ს სამსახურს უთმობს. დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთან საკმარის ურთიერთობას ვერ ახერხებს. გადაცემა „იმედის დროში" ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ოჯახზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარია. მინისტრს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„ოჯახური ჰარმონია გვაქვს. ეს ნინოს, ჩემი მეუღლის დამსახურებაცაა, რადგან მთელ თავის თავისუფალ დროს უთმობს ბავშვებს. მეც აქედან გამომდინარე, მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ბავშვების გვერდით არის დედა", - ამბობს მინისტრი.
გიორგი მღებრიშვილმა ოჯახი 2010 წელს შექმნა. ის ნინო გედევანიშვილზე გაცნობიდან 2 თვის შემდეგ დაქორწინდა.
„ნინოს ჩემი მეგობრის ოჯახში შევხვდი. საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რომ მეკითხებიან, რა ასაკში შექმენი ოჯახიო, არ ვამბობ 40-ს. ვამბობ 39-ის და 11 თვის-თქო. მართლაც ასე იყო. აპრილში გვქონდა ქორწილი და 9 მაისს 40 წლის გავხდი", - ამბობს მინისტრი.