logo_geo
eng_logo
„გაზიფიცირებამ ხე-ტყის უკანონო ჭრები ვერ შეამცირა“ - ხელისუფლება სოფლებში გაზის ტარიფის ხელმისაწვდომობას განიხილავს
- +

11 თებერვალი. 2018. 17:34



ხელისუფლებამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შესაძლოა, გაზის ტარიფი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ჯერჯერობით უცნობია, ეს რა ფორმით მოხდება.


როგორც „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, მოსახლეობას გაზის მოხმარება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე - შეშის.


მისი განცხადებით, მართალია, სოფლებში გაზიფიცირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ამან ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემა ვერ მოაგვარა.

 

„ბოლო წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით სოფლების გაზიფიცირება მოხდა. სოფლების დაახლოებით 75% გაზიფიცირებულია. თუმცა მოლოდინი, რაც თავდაპირველად გვქონდა, არ გამართლდა. გაზიფიცირებას ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემა უნდა მოეხსნა და ეს არ მოხდა.

 

მოსახლეობისთვის გაზის მოხმარება გაცილებით ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე შეშის მოხმარება. ზოგადად გაზიფიცირებამ ტყით სარგებლობა გარკვეულწილად შეამცირა, რადგან ხალხი ზაფხულშიც შეშას მოიხმარდა, მაგრამ ზამთარში მაინც შეშისკენ მიიწევენ. ეს დიდი პრობლემაა", - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.


მისი თქმით, ხელისუფლება უახლოეს მომავალში იმსჯელებს, თუ როგორ გახადონ გაზის ტარიფი ხელმისაწვდომი, რომ მოსახლეობამ ზამთარში შეშის მოხმარება შეამციროს.

„ჩვენ უკვე დავსვით აღნიშნული საკითხი, ამას დრო და მსჯელობა სჭირდება. მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ შეშაზე ინტერესი ნაკლები ჰქონდეს. გაზი კი იმდენად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ შეშის მოხმარებაზე ნაკლები დაჯდეს. უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე მსჯელობაც გაიმართება", - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.


ამასთან, მოსახლეობა საშეშე რესურსს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სოციალური ჭრის აქტივობის ფარგლებში მოიპოვებს. შესაბამისი ცვლილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 2010 წლის 20 აგვისტოს შევიდა. მოსახლეობას კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით, ე.წ. სოციალური ჭრებისთვის მოსახლეობას „სატყეო ბილეთი", ანუ ხე-ტყის დამზადების დოკუმენტი ეძლევა, რომლითაც ხე-ტყის მოჭრის და გამოტანის საშუალება აქვთ. როგორც გიორგი გაჩეჩილაძე განმარტავს, ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე, მოსახლეობას აღნიშნული ბილეთით სარგებლობის ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაუხანგრძლივდა. კოდექსის დამტკიცებისთანავე კი, ე.წ. სოციალური ჭრებს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.


„სამწუხაროდ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შეშით თბება. „სატყეო ბილეთი" 6 ლარი ღირს, თუმცა შემდგომი პროცედურები, მოჭრის და ტყიდან გამოტანის, დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს მთელი ეს პროცესი 80-120 ლარიც უჯდებათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეშის დამუშავება-გამოტანას სახელმწიფო უზრუნველყოფს და შემდეგ მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასში მიჰყიდის. ეს გაცილებით ნაკლები დაჯდება იმაზე, რასაც ახალ მოსახლეობა „ტყის ბილეთის" სარგებლობის პროცესში ხარჯავს. მანამდე კი ამოქმედდა ცვლილება და „სატყეო ბილეთის" მოქმედების ვადა სამ თვემდე გავზარდეთ", - აცხადებს პარლამენტარი.


მისივე განმარტებით, დღეისათვის ე.წ. სოციალური ჭრები და ის ფაქტი, რომ ტყეში არაერთი გარეშე პირი ხვდება, უკონტროლო სიტუაციას ქმნის, რაც ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს ზრდის.


„ტყეში სამეურნეო საქმიანობას ერთი სუბიექტი უნდა ასრულებდეს. ევროპულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემა მოქმედებს და ეს მკაცრი კონტროლის საშუალებას იძლევა. სახელმწიფო და კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტო მონიშნავს, მოჭრის და გამოიტანს ხე-ტყეს. ზოგს აუქციონზე გაიტანს, ზოგს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემს, ზოგს დაასაწყობებს და ა.შ.

 

ამჟამად ძალიან რთულია კონტროლი, მითუმეტეს, რომ ერთ რეინჯერზე გასაკონტროლებლად ძალიან დიდი ფართობი მოდის. რეინჯერების რაოდენობა მცირეა. ახალი ბიუჯეტით კი გავზარდეთ, მაგრამ ერთი კაცი 5000 ჰექტარს ვერ მოუვლის. აქედან გამომდინარე, არის უკანონო ჭრები, ბრაკონიერობის ფაქტები. მთელი სამეურნეო საქმიანობის ერთი უწყების ხელში გადასვლა, ამას გარკვეულწილად დაარეგულირებს. სრულიად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მინიმუმადე დაიყვანს", - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.


ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის თქმით, ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია, მიმდინარე წლის აპრილში უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.


„უახლოეს პერიოდში პარლამენტში განხილვები დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. განხილვების შემდეგ კი, სავარაუდოდ, აპრილში ახალი კოდექსი გვექნება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner