ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები:
„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა."
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია."
„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის."
„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ."
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა."
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია."
„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს."
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!"
„ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა."
„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი."
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა."
„ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა."
„ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი."
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება."
„ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა."
„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს."
„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო."
„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია."
„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს."
„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ."
„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა."
„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის."
„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს."
„ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია."
„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა."
„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა."
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი."
„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე."
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა."
„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან."
„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია."
„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ."
„ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო."
„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ."
„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია."
„დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო."
„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია."
„ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, - და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი."
„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია."
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა."
„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?"
„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა."
„სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია."
„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს."
„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია."
„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს."
„ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი."
ერთი „მაქვს" სჯობს ათას „გქონდა-ს".
„პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია."
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან."
„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა."
„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი."
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება."
„ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი."
„დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი."
„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ."
„თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე".
„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს."
„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება - ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა."
„კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს."
„ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა."
„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის."
„დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა."
„გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა."
„ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა."
„მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა."
„ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე."
„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა."