logo_geo
eng_logo
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ
- +

12 თებერვალი. 2018. 13:46



შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს. 


ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  2013 -2016 წლებში  ის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.


მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.


ლონდა თოლორაიას ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები. მონაწილეობას იღებდა, დაკავებისა და პატიმრობის საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროკურორთა გადამზადებაში. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას.


ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე  წლების განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ის ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს - ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


მაკა ფერაძე 2014 წლიდან სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის კომიტეტის (Lanzarote Committee) წევრია. ასევე, 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრი და სამდივნოს უფროსი. 


შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას, შემდეგ დანაშაულებზე: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ეყოლება ათი თანამშრომელი, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს გასაუბრებები. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი თებერვლის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner