საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხუთი წლის შედეგები შეაჯამა.
თეა წულუკიანმა პროგრამაში წარმატებული საქმიანობისთვის 18 თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ასევე, იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა რვა ყოფილ პატიმარს გადაუხადა. ესენი არიან - მირანდა მაზმანოვა - წარმატებული ხელსაქმე; აკაკი კოროშინაძე - წარმატებული მეურნე; დავით ჯარმელიშვილი - ქართული და ევროპული ვაზი საოკუპაციო ხაზთან; ამირან იობიძე - წარმატებული ავტოშემკეთებელი; კარლო ქარჩავა - წარმატებული მეთხილე; მერაბ ძირკვაძე - რძისა და რძის პროდუქციის წარმატებული მეწარმე; ვალერი კოჩუაშვილი - ცენტრის პოპულარიზაციის ხელშემწყობი; ლევან კუზნეცოვი - „მზიურზე" მზრუნველი.
2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები არიან ჩართული.
2012-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა; მხოლოდ 2017 წელს დასაქმდა 267 ყოფილი პატიმარი, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობაზე მეტია. 2013-2016 წლებში 260 ბენეფიციარი დასაქმდა. შესაბამისად, პროგრამის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობაა 527.
რაც შეეხება სხვა სერვისებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1233-მა ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 308 ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 311 ბენეფიციარს; 301-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალის) 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 823 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 643-მა ბენეფიციარმა; ტატუს მოცილების უფასო პროგრამით ისარგებლა 123-მა ყოფილმა პატიმარმა (მათ შორის 65 არასრულწლოვანია); სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობდა 532 და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს - ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება. ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა, კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვა. პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა.
იუსტიციის სამინისტრომ ამ პროექტის დასაფინანსებლად, ჯამში, დაახლოებით, 480 ათასი ლარი გასცა. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები კონკურსის წესით სამი მიმართულებით ფინანსდება: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება. პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, 2012-2017 წლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.