16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკაი კროსში შეჯიბრი გაიმართება. დიდველის ტრასებზე: „ნოდო" და „დიდველი 1" საგანგებო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი.
Ski Cross ოლიმპიური დისციპლინაა 2010 წლიდან. ის აერთიანებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. ამ სახეობას საგანგებოდ მოწყობილი, დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასა ესაჭიროება. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ. სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ბაკურიანის საერთაშორისო ტურნირი გულგრილს არ დატოვებს სპორტის მოყვარულებს და კურორტის სტუმრებს.
აქ ელოდებიან სპორტსმენებს ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკ ჩართოლანი.
ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. როგორც საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციაში აცხადებენ, ბაკურიანში სკაი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს.
ბაკურიანში სკაი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის" ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.